საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის თქმით, სერიალ „ჩერნობილში“ რამდენიმე ფაქტი გამოგონილია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც 88 წლის პოლიტიკოსი ამტკიცებს, მას მეცნიერ ვალერი ლეგასოვისთვის გმირის წოდების არმინიჭების ბრძანება არ გაუცია.
“ასეთი განკარგულება არ გამიცია. ჩემ გარდა ეს არავის შეეძლო. ეს გამოგონილია“, – განუცხადა გორბაჩოვმა რუსულ მედიას.
ამავე ინფორმაციით, გორბაჩოვს ამერიკელების მიერ გადაღებული სერიალი ჯერ არ უნახავს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენიმე დღეა კლინიკაშია.
გორბაჩოვი სსრკ-ის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც საბჭოთა კავშირს 1985-დან 1991 წლამდე მართავდა.
HBO-სა და Sky Atlantic-ის ახალი მინისერიალი “ჩერნობილი” IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული სატელევიზიო შოუა. “ჩერნობილი” 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში, ჩერნობილის ტერიტორიაზე ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიაზე მოგვითხრობს.