„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მას იმის მტკიცებულება, რომ სააკაშვილი საქართველოშია, ჯერ არ აქვს.
როგორც მანვე აღნიშნა უახლოეს საათებში ყველა ნახავს – არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები ავთენტური.
„მე არ მაქვს ჯერ მტკიცებულება, ყოველ შემთხვევაში, ვერ ვნახე, რომ ის არის საქართველოში. ნებისმიერ შემთხვევაში, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ არჩევნებზე, მეტი ადამიანი მივიდეს, გამოხატოს აზრი.
ეს ქვეყანა არ არის თეთრი და შავი, მრავალფეროვანია, ბევრი პარტია არსებობს და ყველა პოლიტიკური გემოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.
მთავარია სტაბილურობა, მთავარია, რომ არ იყოს სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენ პირადად არც ბატონი სააკაშვილის ჩამოსვლის გვეშინია და არც არჩამოსვლის, თუმცა მტკიცებულება, რომ ის არის საქართველოში, ჯერ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ეს ვიდეო, მე პირადად არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოშია გადაღებული“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
კითხვაზე, რატომ უნდა დაედო მიხეილ სააკაშვილს დამონტაჟებული ვიდეო, სერგო ჩიხლაძემ უპასუხა, რომ თუ აღმოჩნდება, რომ ეს არის ყალბი ვიდეო, მის ავტორებს ამაზე ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.
„არ ვიცი, ამას მგონი უახლოეს დღეებში, უახლოეს საათებში ვნახავთ, არის თუ არა ავთენტური. თუ აღმოჩნდება, რომ ეს არის ყალბი ვიდეო, ამაზე, ასე ვთქვათ, ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ ვიდეოს ავტორებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
„ტრუკაჩი“ „ტრიუკებით“ უნდა დაამარცხო, მიშამ ოცნებას შეუსრულა: გიგი უგულავა