უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო მესამე პრეზიდენტის მიერ შიმშილობის გამოცხადებას ეხმიანება და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიმართავს – დაარწმუნონ, რომ კიდევ ერთხელ შიმშილობა არ დაიწყოს.
„ამბობს, სჯობს მოვკვდე, ვიდრე ვიყო ღირსებააყრილიო“ – მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, „იგივე სცენარი ვეღარ განვითარდება და რაც პირველი შიმშილობის დროს ორგანიზმმა შეძლო, მეორე ჯერზე რესურსები ნაკლები იქნება“.
„ჩემი ღრმა რწმენით, ამ საკითხის ანგაჟირება არა თუ ხელს უწყობს, არამედ აზიანებს ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. თუ პენიტენციურს კომპიუტერები ნაყიდი ჰქონდა, რა პრობლემა შეექმნა – ეს არის კითხვები პენიტენციურთან.
ველოდი კიდეც ასეთ განვითარებას, რადგან ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია მედიცინაში და იცის, რას ნიშნავს პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე, ეს გადავიდა უარყოფით ფაზაში, რაც გამოიხატა შიმშილობის გამოცხადებაში. ეს მოსალოდნელი იყო და ძალიან ცუდია, რომ ასე მოხდა, ყველას ვთხოვ, მის ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ყველას, ვისიც სჯერა, რომ როგორმე გადაარწმუნონ ამის გაკეთება.
არანაირად არ ვარგა, არანაირი ლოგიკით ამის გაკეთება, ყველა ადამიანს უფლება აქვს პროტესტი გამოხატოს, მაგრამ მე უმორჩილესად ვურჩევდი, არ გააკეთოს ეს.
ველოდებოდი ერთგვარად მოვლენების გამწვავებას, ზოგი შეიძლება ვერ იგებს, რას ნიშნავს პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე და რას ნიშნავს, რომ გამინუსდა ეს დამყოლობა და შიმშილობაში გამოიხატა. არ შეიძლება ამის გაკეთება, კარგი იქნება თუ განიხილავს შესაძლებლობას, რომ ნორმალურ კვებას დაუბრუნდეს.
იგივე სცენარი ვეღარ განვითარდება, პირველ ჯერზე რაც შეძლო ორგანიზმმა, მეორე ჯერზე რესურსები ნაკლები იქნება, ასე რომ, ისევ 50 დღე შიმშილობას ცალსახად არ უნდა ველოდოთ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა.
პროტესტის ნიშნად, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ფორტუნასთან“ განმარტავს, რომ მესამე პრეზიდენტი ითხოვს გარანტიას – მორიგ სასამართლო პროცესზე მისვლის, ან დისტანციურად ჩართვის უფლება მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიმშილობას გააგრძელებს.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სააკაშვილზე: „რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს“