LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში გოგებაშვილის დედა ენა ბრუნდება და უფასოდ დარიგდება

4294
baxtadzeeemamuk

2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. ამის შესახებ პრემიერმა სოფელ ვარიანში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. 

პრემიერის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი “დედა ენას” უფასოდ მიიღებს.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლებში „დედა ენა“. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას“, როგორც უყვარდათ წინა თაობებს და როგორც გვიყვარს ჩვენ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, წიგნი განათლების სისტემიდან უპასუხისმგებლო ადამიანებმა ამოიღეს.

„იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს როდესაც წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი, მაგრამ სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს. 

როგორც ცნობილია, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები