LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბერში ლარი დოლარის მიმართ, 1 %-ით გაუფასურდა

79

2016 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.8 პროცენტით გამყარდა.

აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.3056-დან 2.3297- მდე შეიცვალა, ანუ გაუფასურდა 1 პროცენტით.

სექტემბრის თვეში ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 57.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.5 მილიონი აშშ დოლარით (11 პროცენტით) მეტია წინა თვის ბრუნვაზე და 42.1 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბიმისი თვის მონაცემზე.

იმავდროულად კომერციულ ბანკებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 23 პროცენტით გაიზარდა (წლიურად კი 35 პროცენტით გაიზარდა). თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, და ჯამში 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სექტემბერში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია მცირედით შემცირდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 57 პროცენტი (წინა თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 58 პროცენტს შეადგენდა) ქვეყანაში მოქმედი 19 ბანკიდან 5 ბანკზე მოდის. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით ყველაზე აქტიურ 5 ბანკს ბაზრის 56 პროცენტი (წინა თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 57 პროცენტს შეადგენდა) უჭირავს.

ჰერფინდალ–ჰირშმანის ინდექსი არ შეცვლილა და კვლავ 9 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს.

2016 წლის სექტემბერში 2015 წლის სექტემბერთან შედარებით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5.7 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 10.4 პროცენტით გამყარდა.

სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 0.1 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში 7.3 პროცენტი, აზერბაიჯანში 14.2 პროცენტი, უკრაინაში 7.9 პროცენტი, რუსეთში 6.4 პროცენტი, ევროზონაში 0.4 პროცენტი, აშშ–ში 1.5 პროცენტი. საქართველოზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა სომხეთში -1.9 პროცენტი.

2016 წლის სექტემბერში 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.5 პროცენტით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 11.5 პროცენტით გამყარდა.