LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სექსუალურად და ფსიქოლოგიურად გვავიწროებდა.. ძალიან პატარები ვიყავით, არ ვიცოდით, ჩვენი უფლებები როგორ დაგვეცვა“ – PHR-ის ცნობით, სასამართლომ მწვრთნელის მიერ 9 ქალი ფეხბურთელის სექსუალური შევიწროება დაადგინა

377
Untitled design (1)

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის „მართვეს“ და მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც სასამართლოში ქალი ფეხბურთელების ინტერესებს წარმოადგენდა.

ორგანიზაციის ცნობით, ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი, სასამართლომ სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად ცნო და დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36 000 ლარის ოდენობით.

„PHR-ი ულოცავს ქალ ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას და მოუწოდებს ყველას, იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ქალი ფეხბურთელების ინტერესებს ადვოკატები სოფიკო მენაბდიშვილი, ანა აბაშიძე და ანა თავხელიძე იცავდნენ.

„მწვრთნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა თამაშის დროს სტადიონების გასახდელში უნებართვოდ შესვლას; მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შინაარსის კომენტარებს; პორნოგრაფიული ვიდეოების ჩვენებას და სექსუალური შინაარსის ისტორიების მოყოლას.

დავის პროცესში ერთ-ერთი მოსარჩელე არასრულწლოვანი იყო, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან აქ კიდევ უფრო მეტი პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა.

ეს საქმე აღმოჩნდა პირველი, როდესაც, უშუალოდ, კლუბის მიმართაც დადგინდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი“, – ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი სოფიკო მენაბდიშვილი.

სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ჰყვება ერთ-ერთი ფეხბურთელი ქალიც:

„ძალიან რთული პერიოდები გამოვიარეთ. გვავიწროებდა სექსუალურადაც, ფსიქოლოგიურადაც. იყო ფაქტები: გასახდელში უნებართვოდ შემოსვლები; ფსიქოლოგიური ზეწოლები. ცუდად გვექცეოდა, გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თამაშებზე გასულებს, ამდენ ხალხში, ცუდ სიტყვებს გვეძახდა.

მაშინ ვიყავით ძალიან პატარები, როდესაც ასეთი რაღაცები ხდებოდა. გრძელდებოდა დიდობაშიც, მაგრამ იმდენად პატარები ვიყავით და იმდენად არ ვიცოდით, ჩვენი უფლებები როგორ დაგვეცვა, ვერ ვიღებდით ხმას“, – ამბობს საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ წევრი ანა ჯანელიძე „მთავარ არხთან“.

ადვოკატის, ანა თავხელიძის განცხადებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მერიის და ფედერაციის პასუხისმგებლობის ნაწილში, თუმცა, მისივე თქმით, უფლებადამცველები ზემდგომ ინსტანციაში ამ ნაწილსაც აუცილებლად გაასაჩივრებენ:

„ვფქირობთ, რომ სწორედ ფედერაციაა პასუხისმგებელი, დაავალოს კონკრეტული კლუბები  – შექმნას ეფექტიანი მექანიზმი ქალების სექსუალური შევიწროებისგან დაცვის და პრევენციის კუთხით“, – ამბობს ანა თავხელიძე.