საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელიც სექსუალურ დანაშაულში იყო ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლია ორკოდაშვილმა გამოაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს:
“ეჭვი არ მეპარება, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი შეეცდება, ამას მისცეს პოლიტიკური ელფერი, ამას უკვე მივეჩვიე. ადამიანი როცა მართალი ხარ, ამის არ გეშინია. გამამტყუნებელი განაჩენი დგება მაშინ, როდესაც სასამართლოს აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ანუ მტკიცებულებათა საკმაო რაოდენობა, რომლებიც ადასტურებენ ადამიანის ბრალეულობას.
თუკი საქმეში ჩნდება პატარა ეჭვი, რომელიც არ ბათილდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, როგორც ჩვენი კანონის, ასევე კონსტიტუციის თანახმად წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ.
მე არ ვამბობ, რა მოხდა და როგორ მოხდა, მე ვმსჯელობ იმის თაობაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა გამამტყუნებელი განაჩენისთვის”, – თქვა მოსამართლემ.
თავად ჯიშკარიანის თქმით კი, ეს იყო ბინძური ჭუჭყის შესხმა, რომელიც მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას ემსახურებოდა:
“მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო, ბევრი კარგი ხალხი გავიცანი და ბევრიც ცუდი. 3 წელი გადის და ხმას არ ვიღებ, არც ინტერვიუს ვაძლევ. ამ საშინელი, ბინძური ჭუჭყის შესხმა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, ჩემს პოლიტიკურ დისკრედიტაციას. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება არ ვიცი, მე ვიცი ერთგვარი ქმედება. იმდენად დავკომპლექსდი, ჩემს საქმეს ვერ ვემსახურები, ეს ემსახურებოდა ჩემს დისკრედიტაციას, რომ პოლიტიკას ჩამოვშორებოდი. დავაშავე ის, რომ პატრულში არ დავრეკე”, – თქვა ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი თანაშემწის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, პროკურატურამ ბრალი იმავე წლის 8 ოქტომბერს წარუდგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც – უწყება გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს:
“პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ი.ჯ. გამართლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, ქ.თბილისში, ქ.თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ი.ჯ.-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ძალადობა განახორციელა მისი ბიუროს სპეციალისტის – თ.თ.-ს მიმართ.
ი.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ი.ჯ. ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება, მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ი.ჯ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.