LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენდვიჩპანელების ახლადაშენებული საწარმო სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა

124

რუსთავში მდებარე საწარმომ, სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის შედეგად, გაფართოება და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა შეძლო.

საწარმოში დათბუნებული გადახურვის მასალები, კედლის პანელები და   სენდვიჩპანელები მზადდება. საწარმოში ამჟამად 60 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია წარმოებული პროდუქციით ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს, თუმცა, ახლო მომავალში  პროდუქციის 15%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

შპს „ჯი-არ-სი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური  მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4,800,00 ლარს შეადგენს.

დღეს, აღნიშნული წარმოება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანია „ჯი-არ-სი“ სამთავრობო პროგრამის ერთერთი პირველი ბენეფიციარია.

„შედეგი, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდოდა, მიღწეულია. შექმნილია ახალი სამუშაო ადგილები. მზადდება პროდუქცია, რომელიც იმპორტს ანაცვლებს და მასზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე ძალიან დიდია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომპანია „ჯი-არ-სიმ“ პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დაათვალიერეს.