აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს რომ, ის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს.
„ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების – „მთავარი არხის“ დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის.“– წერს ამერიკელი სენატორი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ასევე მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
#NikaGvaramia, director of Georgian media outlet @MtavariChannel, was sentenced to 3.5 years in prison on politically motivated charges. Silencing political opposition will send #Georgia in a very troubling direction. Rule of law & a free press is essential for #democracy. https://t.co/ma3VICC398
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) May 16, 2022