„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში“. ვაშაძის თქმით, როდესაც სენატორებმა დასვეს კითხვა – რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში, მან ნომერ პირველ პრობლემად შიმშილი დაუსახელა.
ვაშაძის განმარტებით, საქართველოს სჭირდება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სენატორებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესაძლებელია.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, შეხვედრაზე სასამართლოს ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე და მიმდინარე „პოლიტიკურ გამოძიებებზე“ იმსჯელეს. საუბარი შეეხო შარლ მიშელის დოკუმენტსაც.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამხელა მეგობრები გვყავს ჩვენი ამერიკელი მეგობრების სახით. სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში. როცა მკითხეს, რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში – ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის შიმშილი, მართლა ასეა და ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან და მათ გვითხრეს, რომ შეიძლება ამაზე საუბარი, ამის განხილვა და ყოველშემთხვევაში დისკუსიის დაწყება ამაზე.
რა თქმა უნდა, ველაპარაკეთ სასამართლოს ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე, ვილაპარაკეთ პოლიტიკურ გამოძიებებზე: გვარამია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ოქრუაშვილი და უგულავას ქეისებზე.
ასევე, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ვილაპარაკეთ, რომელიც მათთვისაც არის როგორც ლაკმუსის ქაღალდი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს და გვითხრეს და დაგვიდასტურეს, რომ სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს.
ადამიანურად ვთხოვეთ, რომ როგორმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაში დაგვეხმარონ და აქაც გვითხრეს, რომ რა თქმა უნდა, ამაზეც იქნება საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო“, – განაცხადა ვაშაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისა და ამერიკელი სენატორების რობ პორტმანისა და ჯინ შაჰინის საქმიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.