ამერიკელი სენატორები, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსი წევრი ჯინ შაჰინი და სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი, სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარე დიკ დურბინი საქართველოსა და რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.
„შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს , სწორედ ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. რუმინეთი ნატო-ს მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად, რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
სენატორ დურბინის ტქმით, საქართველომ კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე.
„საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში – ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და სიმტკიცე გამოავლინა, როგორც ნატო-სა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა წევრმა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და ნატო-ს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას“, – განაცხადა სენატორმა დურბინმა.
როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სენატორი შაჰინი აშშ-ს სენატში ხელმძღვანელობს ორპარტიულ საკანონმდებლო პროცესს, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბის აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.
„შაჰინი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საკითხებში, ჯერ კიდევ 2012 წლიდან, როდესაც სენატორ ჯიმ რიშთან საქართველოში იმყოფებოდა საარჩევნო დამკვირვებლად. იგი ღიად და მკაფიოდ საუბრობდა სენატში ამ რეგიონის პრიორიტეტულად გამოცხადების გადაუდებლობაზე, რაც გარდამტეხი წერტილია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში. პუტინის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, შაჰინი და სენატორი რობ პორტმანი (რესპუბლიკელი-ოჰაიო) ხელმძღვანელობდნენ ორპარტიულ დელეგაციას უკრაინაში, სადაც შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის და მისი ადმინისტრაციის წევრებს. შაჰინ-პორტმანის კონგრესის დელეგაციის ვიზიტამდე იანვარში, შაჰინი ხელმძღვანელობდა კანონმდებლების ორპარტიულ წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში, 2021 წლის ივნისში. როგორც სენატის ნატო-ს დამკვირვებელთა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რა მოვალეობასაც იგი ხელხლა შეუდგა სენატორ თილისთან ერთად 2018 წელს, შაჰინი ხელმძღვანელობს ორპარტიულ ძალისხმევას სენატში ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად.
დურბინი, სენატის ბალტიისპირეთის თავისუფლების ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავაში, პოლონეთში და ვილნიუსში, ლიეტუვაში, ზუსტად უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის წინ. 2022 წელს დურბინი ესტუმრა ვილნიუსს, ლიეტუვას, სადაც მიიღო ალექსანდრას სტულგინსკის ვარსკვლავის ჯილდო და ამის შემდეგ დაესწრო ნატოს სამიტს ესპანეთში, მადრიდში. ის ხშირად მასპინძლობს უკრაინის პარლამენტის წევრებს და ბოლოს უმასპინძლა უკრაინის გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია რუსეთის ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. დურბინის ორპარტიულ კანონს – სამართალიანობა ომის დანაშაულების მსხვერპლთათვის – რომელიც განაახლებს ომის დანაშაულების არსებულ სტატუტს, რათა შესაძლებელი გახდეს ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა შეერთებულ შტატებში, განურჩევლად მოძალადის ან მსხვერპლის ეროვნებისა, – ახლახან ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ბაიდენმა. კანონპროექტი ასევე ახანგრძლივებს ხანდაზმულობის ვადას გარკვეულ სამხედრო დანაშაულებებზე. დურბინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს რუსეთის მიერ უკრაინის ნებისმიერი იძულებით ანექსირებული ტერიტორიის აღიარებას ამერიკის მხრიდან, ასევე მიიღეს 2023 ფისკალური წლის (FY) ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ფარგლებში“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.