საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სააქციო საზოგადოება „თელასი“ დააჯარიმა. სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „თელასი“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ დაჯარიმდა. როგორც ირკვევა, „თელასი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმეს.
„დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს მომხმარებლის ინფორმირების გარეშე ელექტროენერგიის მიწოდების ხშირი წყვეტა. კერძოდ, სემეკს განცხადებით მიმართა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრმა“, სადაც მიუთითა, რომ ქ. თბილისში მდებარე 3 ობიექტზე უწყდებოდა ელექტროენერგია ისე, რომ არ ხდებოდა მისი ინფორმირება მითითებულ საკონტაქტო ნომერზე არც წინასწარ და არც წყვეტის შემდეგ.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მომხმარებელმა რამდენჯერმე მიმართა სს „თელასს“ ცხელი ხაზის მეშვეობით და მოითხოვა წყვეტების შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა კონკრეტულ სატელეფონო ნომრებზე. თუმცა, კომპანიის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა.
გარდა ამისა, საკითხის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ სს „თელასს“ წყვეტების შესახებ არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია ასახული სემეკის ელექტრონულ ჟურნალში, რაც წარმოადგენს რეგულაციების შეუსრულებლობას.“ – აცხადებს სემეკი.
კომისიამი „თელასს“ დარღვევების აღმოსაფხვრელად 1 თვიანი ვადა მისცა. მათივე განმარტებით, მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში კომპანია უკვე 15 000 ლარით დაჯარიმდება.