LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის პერსპექტივებზე ისაუბრა

330
semeki (3)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ავსტრიაში, ქ. ვენაში გამართულ ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და პანელურ დისკუსიაზე სიტყვით წარდგა. გიორგი ფანგანმა ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, რეგიონული ბაზრის ჩამოყალიბების მნიშვნელობასა და ევროპის ენერგეტიკულ ქსელთან ინტეგრირების პერსპექტივებზე.

გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, როგორც ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ქსელთან დაკავშირების ერთ-ერთ საშუალებაზე.

„საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და აიღო ვალდებულება ეროვნული საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში მოეყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასოცირების შეთანხმება არის კონკრეტული გზა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის გასააქტიურებლად, რომელიც ფოკუსირებულია, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში ძირითადი რეფორმების მხარდაჭერაზე. გარდა ამისა, 2017 წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წევრი, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მიერთების ოქმით განისაზღვრა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები, საქართველოში კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულმა საფუძველი ჩაუყარა უპრეცედენტო რეფორმებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში.

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობას.  სემეკის მიერ შემუშავდა და დამტკიცდა რიგი კანონქვემდებარე აქტები კონკურენტული ბაზრის ფუნქციონირებისა და ბაზრის ეფექტური მონიტორინგის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოზიდვას, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებასა და ამ გზით ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ენერგეტიკულ ქსელთან ინტეგრაციისათვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს ელექტროენერგეტიკული ქსელის ევროკავშირის ქსელთან დაკავშირების საკითხი აქტიურად განიხილება. ამ პროექტის საშუალებით, საქართველოს აქვს პერსპექტივა გახდეს ენერგეტიკული ჰაბი.  შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი იქნება ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაზრდას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საქართველოს ბაზრის ევროკავშირის ქსელში ინტეგრაციასა და ინვესტიციების მოზიდვას“, – აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

სემეკის წევრმა ასევე დეტალურად ისაუბრა  სემეკსა და რეგიონის ქვეყნების ენერგეტიკის სექტორში მოქმედ უწყებებს შორის ეფექტურ თანამშრომლობაზე.  მან ასევე ხაზი გაუსვა  სემეკსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც EU4Energy Phase II პროგრამის ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობდნენ ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიებისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები. რეგიონული კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება.

EU4Energy ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის განმახორციელებლები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community).

(R)