11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონია, რომლის სპეციალური სტუმარი კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელია. გაიცემა 15-ზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებულის პრიზი, მათ შორისაა მთავარი ნომინაცია, წლის სიმღერა, რომელიც ცერემონიის ბოლოს გამოვლინდება.
წლევანდელ „ოქროს ტალღაზე“ ჯგუფ „სეიშენის“ ერთი სიმღერაა წარდგენილი, სახელწოდებით „დამპირდი“, რომელიც ჯგუფის რეპერტუარში ადრეც შედიოდა და მისი განახლება გადაწყვიტეს.
ლაშა აბზიანიძე, ჯგუფ „სეიშენის“ წევრი:
ვფიქრობ, ეს სიმღერა იმსახურება გამარჯვებას. ძალიან კარგი კონკურენციაა „ოქროს ტალღაზე“ და ჩვენ ეს ძალიან მოგვწონს. ეს სტიმულია კარგი პროექტების შესაქმნელად. ასეთი კონკურსები უნდა ტარდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა გვაქვს და არც ბაზარია დიდი.
მარკ მარტელის ჩამოსვლას „ოქროს ტალღაზე“ მივესალმები. ვფიქრობ, ძალიან კარგი სანახაობა იქნება.
„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.