LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

57
პროკურატურა

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი გ.წ. -ს წარედგინა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გ.წ. და მასთან ერთად მყოფი პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ პირველი არხის ოპერატორს, ილია თვალიაშვილს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება არ მომხდარიყო.

„სამართალდამცველებმა გ.წ. 22 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 28 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი, მათ შორის, 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.