საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატი დავით კაკოიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
ექსპრეზიდენტის ყოფილი ადვოკატი ამბობს, რომ ამ დრომდე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე იმიტომ არ აკეთებდა კომენტარს, რომ ამერიკაში იმყოფება.
დავით კაკოიშვილის ვრცელ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
„ცოტა ვრცლად მინდა დავწერო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ. რადგან ვიმყოფები აშშ-ში, აქამდე არ მქონდა საშუალება გამოვხმაურებოდი პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებას. რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა საქმე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო აღძრული და მათ შორის ის საქმეებიც, რომლებზეც მას უკვე მისჯილი აქვს, იყო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეკერილი პროკურატურის მიერ იმისთვის, რომ (1) ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პროპაგანდისტული მანქანისთვის გამოეყენებინა ისინი (მაგ. თითქოს სააკაშვილმა ფული გაფლანგა (ე.წ. „პიჯაკების საქმე“) და ა.შ.) და (2) მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად განეიტრალებულიყო, რათა მას არ შეძლებოდა საქართველოში ჩამოსვლა და პოლიტიკურ პროცესებზე ადგილიდან ზემოქმედების მოხდენა.
არ დავიწყებ იურიდიულ წიაღსვლებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეები სამართლებრივად აბსურდია, არ არსებობს მტკიცებულებები საქმეებში, პრეზიდენტი სააკაშვილი გაასამართლეს მისი პოლიტიკური და პიროვნული მტრების ჩვენებებით (რაც ნამდვილად ასეა) და ადგილი ჰქონდა შერჩევით მართლმსაჯულებას. ასევე არ გავამახვილებ ყურადღებას თუ რა არნახულ დარღვევებს და ფაქტებს ჰქონდა ადგილი პროცესების დროს, რადგან ყველამ იცის თუ როგორ მუშაობს საქართველოში პროკურატურა და რამდენად „ობიექტური“ და „მიუკერძოებელია“ სასამართლო. შესაბამისად, ვფიქრობ ყველას კარგად ესმის თუ როგორ „სამართლიანად“ და „კანონიერად“ გასამართლდა პრეზიდენტი სააკაშვილი.
სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების ბრალი პოლიტიკური ხასიათისაა: DRI
„დამნაშავის დაფარვას” საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს - აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.
ერთი, რაზეც ყურადღება მინდა გავამახვილო არის ის, რაც ბოლო დღეებია მუდმივად მესმის, მათ შორის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან. სააკაშვილი პოლიტიკური დევნილი დაპატიმრების დღეს და დაპატიმრების გამო არ გამხდარა, არამედ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია მას შემდეგ, რაც მას პირველ საქმეზე წარუდგინეს ბრალი, რის გამოც ამდენი წლის განმავლობაში მას არ შეეძლო საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება და პოლიტიკურ პროცესებში უშუალოდ მონაწილეობა. დაპატიმრებამ ეს პროცესი კიდევ უფრო ნათელი გახადა.
შეგახსენებთ 2012 წლიდან დღემდე გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ სააკაშვილის საქმეები პოლიტიკური საქმეებია და იგი წლებია პოლიტიკური დევნილია:
• ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის 22 ნოემბერს გაკეთებული განცხადება: „განუსაზღვრელი რაოდენობით დაპატიმრებები და პრეზიდენტის დაპატიმრება არ არის ჩემი სურვილი […] როდესაც სააკაშვილს შევხვდი, ვუთხარი, რომ გამოდი, ბოდიში მოიხადე და გადადექი. რჩევა მივეცი და არა ულტიმატუმი, მერე როგორც გადათარგმნეს თვითონ […] გამოსავალი აქ მხოლოდ ერთშია, რომ მათ საზოგადოება უნდა დაარწმუნონ, რომ იგრძნეს და განიცდიან იმ დანაშაულებებს, რომლებიც მათ ჩაიდინეს […] ზუსტად მათი ქცევა ზრდის რიგებს პროკურატურასთან.“
• აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის 13 სექტემბრის განცხადება: „ჩვენ გვაშფოთებს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებები და სისხლისსამართლებრივი ბრალდებები, ასევე ის რისკები, რასაც პოლიტიკური დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რაც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატის პატივისცემას“.
• აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის 30 ივლისს გამოქვეყნებული განცხადება: „შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო. კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიცვას კანონი, არამედ იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად.“
• ამერიკელი სენატორების 2014 წლის 29 ივლისის განცხადება: „ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრალი წარუდგინა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და წინა ხელისუფლების მრავალ ლიდერს. პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა უნაკლო არ ყოფილა და ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია კანონის დაცვა. მაგრამ მართლმსაჯულების აღსრულება არ უნდა გახდეს პოლიტიკური შურისძიების იარაღი“.
4 გზა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად
კითხვაზე, რა ვადებში წარმოუდგენია პარტიას ექსპრეზიდენტის გათავისუფლება, რომან გოცირიძე, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა საუბრობს იმ ბერკეტებსა და გზებზე, რითაც შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილმა ციხე დატოვოს.
• აშშ-ს სენატორებმა 2014 წლის 7 აგვისტოს მიმართვა გაუგზავნეს საქართველოს ხელისუფლებას, რომლის მიხედვითაც ეს პირები ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევენ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას გაასამართლოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე, რომ პროცესი პოლიტიკასთან უფროა კავშირში, ვიდრე დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან. ამის ყველაზე ახლო და აშკარა მაგალითად კი ისინი 28 ივლისს მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრებისთვის წარდგენილ ბრალს მიიჩნევენ. მსგავსი შინაარსის იყო სენატორ მაკკეინის 2015 წლის 16 თებერვლის წერილი ინტერპოლს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის 2014 წლის 17 ნოემბრის რეზოლუცია, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის 2014 წლის 18 ნოემბერს გაკეთებული განცხადება და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლიდეგარდის განცხადება, რომელიც მან 2014 წლის 12 ნოემბერს გააკეთა.
• „ეუთოს“ 2014 წლის 9 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშში სახელწოდებით „სასამართლო მონიტორინგის ანგარიში საქართველო“, მითითებული იყო იმ სისტემური დარღვევების თაობაზე, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში.
• ინტერპოლის გენერალური სამდივნოს 2015 წლის 23 ივლისის შეტყობინებით, ინტერპოლმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე. სამდივნოს შეტყობინების თანახმად, ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე. დოკუმენტის თანახმად კომისიამ განიხილა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეების მასალები, რომელიც მიწოდებული იყო ინტერპოლის თბილისის ბიუროს მიერ, აგრეთვე დაცვის მხარის მიერ მიწოდებული მასალები, გაითვალისწინა ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლი (რომელიც კრძალავს კონსტიტუციის პრინციპების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას) და მიუთითა რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ელემენტები საქმეებში ჭარბობდა სამართლებრივ ელემენტებს.
• ვანო მერაბიშვილის მიმართ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტად არის მითითებული, რომ ვანო მერაბიშვილს ქართული ოცნების ხელისუფლება სთხოვდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.
ამ ყველაფერს ემატება ირაკლი ღარიბაშვილის (და არა მხოლოდ მისი) განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეების უკან არსებულ პოლიტიკურ დაინტერესებას ნათლად აჩვენებს.
კარგია, რომ დღეს ფაქტობრივად მთელი ოპოზიცია თანხმდება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, თუმცა უკეთესი იქნება თუ ეს ადამიანები (რომლებიც მაშინ „ქართული ოცნების“ რიგებში ან სხვა მხარეს იყვნენ) აღიარებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილი არა მხოლოდ დაპატიმრებამ გახადა (ამან კიდევ უფრო აშკარა გახადა მისი პოლიტიკური დევნა) არამედ, ყოფილი პრეზიდენტი დევნილი იყო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის მომენტიდან.
ამასთან, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებიდან მოდის გზავნილები, რომ „აუცილებელია სააკაშვილმა ისარგებლოს თანასწორი მოპყრობით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით“, ვფიქრობ განმცხადებლებს დეტალურად უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმაზე, რომ (1) მიხეილ სააკაშვილის ორი საქმე უკვე დასრულებულია და მის მიმართ ამ საქმეებზე დარღვეულია კონსტიტუცია და კანონი; და (2) დღევანდელი მოცემულობით შეუძლებელია საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა ისარგებლოს ან სამართლიანი სასამართლოს ან თანასწორი მოპყრობის უფლებით.
შესაბამისად, ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო პოლიტიკური დევნილი და არის პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი და პოლიტპატიმარი. ამიტომ, ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ისევ ის შეცდომა, რაც 90-იან წლებში პირველი პრეზიდენტის მიმართ დაუშვა, უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილი და შეძლოს, რომ იგი გათავისუფლდეს ბიძინა ივანიშვილის ტყვეობიდან“, – წერს დავით კაკოიშვილი სოციალურ ქსელში.