LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება მიხვდება, რომ ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობამ შეიტანა, იქნება ყველაზე ახლოს შარლ მიშელის დოკუმენტთან: მაჭარაშვილი

38
გურამ მაჭარაშვილი

„კანონპროექტი, რომელიც დავაინიცირეთ, ზუსტად პასუხობს იმ პათოსს და პრინციპებს, რომელიც არის შარლ მიშელის დოკუმენტში მითითებული,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოდგილე გურამ მაჭარაშვილი და ამბობს, რომ იმ დოკუმენტის პრინციპები, რომელიც ოპოზიციამ დააინიცირა, იგივეა.

ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირდა

გურამ მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოება მიხვდება, რომ კანონპოროექტი, რომელიც უმრავლესობამ შეიტანა, იქნება ყველაზე ახლოს და ყველაზე თავსებადი შარლ მიშელის დოკუმენტთან:

“კანონპროექტი, რომელიც დავაინიცირეთ, ზუსტად პასუხობს იმ პათოსს და პრინციპებს, რომელიც არის შარლ მიშელის დოკუმენტში მითითებული. დოკუმენტი, რომელიც დაინიცირა ოპოზიციამ, პრინციპები იგივეა. ერთადერთი, განსხვავება ის არის, რომ ოპოზიციამ დამატებითი კომპონენტი ჩადო თავის კანონპროექტში, რაც გახლავთ დაზარალებულების თანხმობა. გამომდინარე აქედან, ამ ორ კანონპროექტს შორის სხვაობა ძირითადად იქნება დაზარალებულების თანხმობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რა თქმა უნდა, მათ შორის ოპონენტებთან კონსულტაციების საფუძველზე საზოგადოების უმრავლესობა მიხვდება, რომ კანონპოროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, იქნება ყველაზე ახლოს და ყველაზე უფრო თავსებადი შარლ მიშელის დოკუმენტთან.” – თქვა მან.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მზად არიან, ოპონენტებთან კონსულტაციები გამართონ და ერთობლივად მიიღონ აღნიშნული კანონპროექტი:

“ამნისტიის საკითხი არ იყო ჩვენი ინიციატივა, ჩვენი ევროპელი კოლეგების ინიციატივა იყო, რომ 20 ივნისის საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური ფურცელი გადაშლილიყო. კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენ მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ მათ შორის ოპოზიციაც დაუჭერს მხარს იმ პრინციპს, რომელიც არის ჩადებული შარლ მიშელის დოკუმენტში.

ჩვენ იქ არსებული პრინციპის საწინააღმდეგოს ვერაფერს ჩავდებთ, თუმცა მზად ვართ, ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ ეს კანონპროექტი.” – თქვა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტი 2019 წლის 19-20 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კანონპროექტს განიხილავს. ამნისტიის პროექტები პირველივე ბიუროზე, უქმე დღეების დასრულებისთანავე გავა.