„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.
„2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 31523 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7,0 პროცენტზე დატოვა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1491,9 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა 969-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 1445,6 მილიონიდან 1491,9 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 31523 ხელშეკრულებიდან 14891 სამომხმარებლო სესხია. მოცულობა კი 195,3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ოქტომბრისთვის 14.4% შეადგინა“, – ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ოქტომბრის მონაცემებით 10992 სესხია მიბმული, საშუალოდ 11%-ში. მთლიანი პორტფელი კი 453,5 მილიონი ლარია.
„3514 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 799,69 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 165,2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ოქტომბრის მონაცემებით 634,4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.4%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ოქტომბრის მონაცემებით 279 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 4620 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,98%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 1847 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 38,8 მილიონი ლარია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ოქტომბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 17,7%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
დღევანდელი მდგომარეობით, ინფლაციის მაჩვენებელი 6.2%-ია, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა წლის ბოლომდე მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება. ჩვენი აზრით, ლარის ბოლოდროინდელი 2%-იანი გაუფასურების ეფექტი ინფლაციაზე არ იქნება მაღალი. გაცვლითი კურსის მცირე მერყეობის შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ლარის ფინანსური რესურსის არსებობა და გაცვლითი კურსის მცირე მერყეობამ არ უნდა შეზღუდოს ლარის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.