„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტების, იმედა დარსალიას, თამთა ჯანაძის და სოფო ზედელაშვილის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაიცავს.
თავად ჟურნალისტები გადაწყვეტილებას ცენზურას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ არხის ხელმძღვანელობამ ისინი უკანონოდ გაათავისუფლა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” კი აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების სამივე ბრძანება ცალსახად უკანონოა და ჟურნალისტების უფლებებს პირდაპირ არღვევს.
„ჩვენთან არიან ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებას მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომლებმაც ღიად ისაუბრეს და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” სისტემურ პრობლემაში ამხილეს. შავი სიები, ცენზურის მცდელობები, თემების დაბლოკვა და ნაცვლად იმისა, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ჟურნალისტებისათვის მოესმინა და შესაბამისი ზომები მიეღო, ჟურნალისტები დასაჯეს და სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
დღეს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” სამწუხაროდ, ცენზურის სიმბოლოდ იქცა, სადაც განსხვავებული აზრი, პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მომზადებული გადაცემები მიუღებელია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ჟურნალისტების უფლებების დაცვას გააგრძელებს,” – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ.