LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწოლფონდი არის მტკივნეული თემა, ვაქცინას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს: ეკატერინე ტიკარაძე

114
127137413-1861400477331181-8148834361413832566-o

“საწოლფონდი არის კრიტიკული და მტკივნეული თემა. ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 7363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952. განთავსებული არის 5741 პაციენტი”, – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლების რაოდენობა 279-ია. გუშინ, 24 საათის განმავლობაში, კლინიკებში მკურნალობა დაასრულდა 817-მა პაციენტმა.

მინისტრმა გამოსავლის ვარიანტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი გამოსავალი პრევენციული ღონისძიებების გატარებაა.

„გამოსავალი არის რამდენიმე, ვინაიდან ჯანდაცვა არის საკმაოდ კომპლექსური სფერო. პირველი გამოსავალი, რასაც ხშირად მთავრობას გვსაყვედურებენ ხოლმე, ეს არის საწოლფონდის მობილიზაცია, რამდენად დროულად და სწრაფად ხდება და აქ მე შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა იმ ქუჩაში გამართულ აქციებს, ჩვენ დროულად მოვახდინეთ მობილიზება დამატებითი საწოლფონდის და თუ ჩვენ ოქტომბრის თვეში მობილიზებული გვქონდა მხოლოდ 3300 საწოლი, დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე გვაქვს 7000 საწოლამდე მობილიზებული, რითაც რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ, ვმართოთ ნაკადები და ჩვენს ყველა მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება.

ჩვენ ყოველდღიურ ჭრილში ვუყურებთ თუ რა დატვირთულობაა რომელ საწოლზე და შესაბამისად იმის მიხედვით ვანაწილებთ საწოლფონდს და ვაუმჯობესებთ საწოლფონდის მოცვას რეგიონების მიხედვით, რა საჭიროებასაც ჩვენ ვხედავთ.

გარდა ამისა, პირველი მაინც რჩება ის, რომ ჩვენ მივმართოთ პრევენციულ ღონისძიებას ვინაიდან არამხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი წარმატებული ქვეყანა მხოლოდ საწოლფონდის გაზრდით და მხოლოდ სამედიცინო სფეროზე ზეწოლით ვერ ახდენს ინფექციასთან ეფექტურ ბრძოლას – ჯანდაცვის სფეროში პრევენციას გაცილებით უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე დამდგარი შედეგის მკურნალობას”.

 

ტიკარაძე: თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მობილიზება, რაც ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის იქნება საჭირო.

„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროცესში იმ დროიდან, როგორც კი ეს ყველაფერი გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვახორციელებთ დამატებით ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზაციას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტიზაციისთვის და შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით გადანაწილებისთვის. იმ თარიღში, როგორც კი ეს ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელი ჯგუფები აიცრებიან საწყის ეტაპზე.

„ჯგუფებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საერთაშორისო მოლაპარაკებები და მსჯელობა, თუ ვინ უნდა იყვნენ პირველ რიგში აცრილი. აქ არის გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით სამედიცინო სამყარო ამაზე არ შეჯერებულა. თუმცა, როგორ გასაკვირადაც ეს არ უნდა ჟღერდეს, შესაძლებელია, რომ პირველ რიგში, აიცრან ის ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მეტად გამავრცელებლები, ვინაიდან მეცნიერები ყველაზე დიდ რისკს აქ ხედავენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.