თვალჭრელიძის ქუჩაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აგებული 7 საცხოვრებელი დაანგრია. საცხოვრებლები ბულდოზერებით დაანგრიეს.
აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევის განახლებას EMC ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, მერიამ დემონტაჟის პროცესი დილის 7 საათზე დაიწყო, რაც ხელს შეუშლიდა ადგილზე აქტივისტებისა და ჟურნალისტების მობილიზებას და შეასუსტებდა შესაძლო ფიზიკურ წინააღმდეგობას.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოთ აგებული 7 საცხოვრებელი დაანგრია. ადგილობრივების ინფორმაციით, თითქმის დასრულებულ 2 ნაგებობაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც შენობების დემონტაჟის შედეგად გამოასახლეს.
გამოსახლებულები ყვებიან, რომ მათ ეძინათ როდესაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა დემონტაჟის აღსრულება დაიწყეს. მათ შენობიდან საწოლების და პირადი ნივთების გამოტანა ვერ მოასწრეს.
მაცხოვრებლების თქმით, მუნიციპალური ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობა დილის 7 საათიდან იყო მობილიზებული. საცხოვრებლები ბულდოზერებით დაანგრიეს. აქედან 5 შემთხვევაში შენობა დაუსრულებელი იყო, ხოლო 2 შენობა თითქმის დასრულებული.
ცხადია, რომ თბილისის მერია აფრიკის დასახლებაში შენობების ნგრევით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, პანდემიასა და ზამთარში, აგრძელებს უნებართვო შენობების ნგრევას. მეტიც, აფრიკის დასახლებაში ადგილობრივების მწვავე პროტესტის შედეგად მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის აღსრულება სამგორის რაიონში დილის 7 საათზე დაიწყო, რაც ხელს შეუშლიდა ადგილობრივების, აქტივისტებისა და მედიის მობილიზებას და შეასუსტებდა შესაძლო ფიზიკურ წინააღმდეგობას.
მუნიციპალიტეტის მიერ საცხოვრისად გამოყენებული უნებართვო შენობების ამ ფორმით დემონტაჟი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ნაგებობებში არ ცხოვრობენ ოჯახები, ზრდის ოჯახების საცხოვრებლის უფლების დარღვევის რისკებს. საცხოვრებლის უფლების ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ ყველა ამგვარი გადაწყვეტილება განსაკუთრებული სიფრთხილით და საცხოვრებლის უფლების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით მიიღოს. სათანადო საცხოვრებელზე უფლება ადამიანისა და ოჯახების სოციალური უსაფრთხოების და კეთილდღეობის ბაზისური გარანტია და მასთან არის დაკავშირებული სხვა არა ერთი არსებითი უფლების რეალიზება. დაუშვებელია, ისედაც დაუძლეველი სიღარიბის, მძიმე დაუცველობისა და ყოველდღიური სოციალური უიმედობის წინაშე მცხოვრები ოჯახების დატოვება საცხოვრებლის გარეშე.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მერიას შეაჩეროს უნებართვოდ აგებული შენობების დემონტაჟის პროცესი და შეიმუშავოს სამართლიანი პოლიტიკა, წესი და პროცედურა, რაც საცხოვრებლის მიზნით აგებული უნებართვო შენობების დემონტაჟის თაობაზე გადაწყვეტილებისას გათვალისწინებს საცხოვრებელზე უფლების უპირატეს მნიშვნელობას და ინტერესს და დეტალურად, საფუძვლიანად და სამართლიან კრიტერიუმებზე დაყრდნობით განიხილავს და შეაფასებს ოჯახების საცხოვრებლის საჭიროებებს.”- წერს EMC.