LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწარმო, რომელიც მარტვილში მოსახლეობას დაასაქმებს

451

მარტვილში მილიონ 600 ათას ლარიანი პროექტის განსახორციელებლად ბიზნესმენი თანაინვესტორს ეძებს.

როგორც ”ფორტუნას” ბიზნესმენმა კახა კვესელავამ განუცხადა, ხილის გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროექტი უკვე დაუმტკიცდა და ამჟამად ბოლო ეტაპი – ბანკისგან სესხის მისაღებად საგარანტიო წერილის წარდგენაა დარჩენილი, რისთვისაც ინვესტორმა ქონებრივი უზრუნველყოფა და შემოსავლები უნდა წარადგინოს.

კვესელავას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ჩირის წარმოება დაიწყება და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხდება სესხის მიღება.

”გვექნება თითქმის ყველა სახეობის ჩირი. განსაკუთრებით იმ ხილისგან დამზადებული, რომელიც მარტვილის რაიონში მოდის – ეს არის ხურმა. ასევე ვგეგმავთ ვაშლის, გარგრის და სხვა ხილის გადამუშავებას. ვაპირებთ გარეული მსხლის – პანტის ჩირის წარმოებასაც”, – განმარტა პროექტის ავტორმა და აღნიშნა, რომ გადასამუშავებელი ხილის ჩაბარება ადგილობრივი მოსახლეობისგან იგეგმება.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე, პროდუქცია საქართველოს ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა წარმადობის გაზრდის შემთხვევაში ევროპის ბაზრის ათვისებაც იგეგმება.

ჩირის წარმოების დაწყების შემდეგ, კვესელავა არც ნატურალური წვენების და ჯემების წარმოების დაწყებას გამორიცხავს, თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ იდეის დონეზეა.

კვესელავას განმარტებით, პროექტის ბედი ერთ თვეში გადაწყდება, საწარმოს მშენებლობა თანხის მიღებისთანავე დაიწყება და პროექტის განხორციელების შემთხვევაში იქ 40-მდე ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები