დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისთვის და ტექნიკური დახმარებისთვის, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
„სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პრემიერ-მინისტრთან, ისე მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან შეხვედრებზე დეტალურად განვიხილეთ 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობა და პროგრესი, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდიდან მიღებული პროგრამა პრაქტიკულად მთავრობის 4-პუნტიანი გეგმის მხარდაჭერის პროგრამაა. „სწორედ სავალუტო ფონდის მხარდაჭერით გვაქვს შესაძლებლობა, რომ დონორი ორგანიზაციებიდან აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხა მოვიზიდოთ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ცნობისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორის შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე. აღინიშნა დიდი მნიშვნელობა იმისა, რომ სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მიესალმება მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. ითქვა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას და მის მიზნებს. კერძოდ, აღინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელობა როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ქვეყნის სოციალურ განვითარებას ისახავს მიზნად.
შეხვედრისას ყურადღება ასევე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საპენსიო რეფორმაზე.