ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებსა (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) და სააგენტოს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პროექტებში ჩართულ პირთა წვდომა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან, Boot Camp ბანაკებში ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის ხელშეწყობა, სტუდენტებში სასწავლო და სამეცნიერო მოტივაციის გაღვივება, რელევანტური ხასიათის სამეცნიერო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, სასწავლო პროცესში ტექნოპარკის სპეციალისტების მოწვევა და მასტერკლასების ჩატარება.