პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში ამ დროისათვის მოთავსებული 75 პაციენტიდან 58 კოვიდინფიცირებულია. ლევან რატიანის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში ისევ 4 ინფიცირებული მკურნალობს, თუმცა მათთგან ერთი პაციენტის თერაპიულ განყოფილებაში გადაყვანა იგეგმება. კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებას დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები პაციენტი – 75. აქედან 58 ინფიცირებულია. სამი პაციენტი რამდენიმე წუთში კოვიდინფექციის გარეშე დატოვებს კლინიკას. რეანიმაციაში გვრჩება ოთხი პაციენტი, აქედან ერთი გადაგვყავს თერაპიულ განყოფილებაში. ორი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმეა. ისინი იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ერთი პაციენტი მოხსნილია ხელოვნური ვენტილაციიდან. რამდენიმე დღე დაველოდებით და ალბათ ორშაბათს გადავიყვანთ თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ბოჭორიშვილის კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი და 88 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდნენ
რატიანის თქმით, დღეს 12 პაციენტის ანალიზები შემოწმდა და პასუხები უარყოფითია. რაც შეეხება ორსული ქალბატონების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში 2 ახალი პაციენტი მიიღეს. დღის ბოლოს კი კლინიკას კიდევ 10 პაციენტი დატოვებს.
„ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, კოვიდინფექციის დამახასიათებელი არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ფიქსირდება, ისინი უსიმპტომოები არიან. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, დღეს პირველადი ნეგატიური პასუხი მივიღეთ 12 პაციენტთან. დღის ბოლოსთვის ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. მივიღეთ ორი ახალი პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ესენი არიან მაღალი რისკის და თუ დაუდასტურდათ კორონავირუსი, მკურნალობა გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
623 ინფიცირებული: საქართველოში კორონავირუსი უკვე 288 ადამიანმა დაამარცხა