LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესოა სუპერსაბა: ქართველებს ევროპაში კარგი შაბათ-კვირა ქონდათ (ვიდეო)

60

საბა ლობჟანიძემ დანიაში გაიბრწყინა. ლობჟანიძის „რანდერსი“ და კიდევ შვიდი გუნდი გასავარდნი ზონის ორ 4-4-გუნდიან ჯგუფში მოხვდა, რომლებიც სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვიან.
„რანდერსმა“ პირველ ტურში „ლუნგბიუს“ უმასპინძლა და ქართველის დახმარებით, 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ჩვენიანმა გაიტანა, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს. 23 წლის ფეხბურთელმა თავი მე-15 და 31-ე წუთებზე გამოიჩინა.
„სუპერ საბამ გამარჯვება მოგვიტანა. შესანიშნავმა ქართველმა „ლუნგბიუს“ კარი ორჯერ აიღო“, – ასე შეაფასა თამაში „რანდერსის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა და ლობჟანიძე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

 

 

ესპანეთის ლიგა ადელანტეს 33-ე ტურში “ხიმნასტიკმა” საკუთარ მოედანზე “ლუგო” ადვილად 3:0 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე 90 წუთი იყო მოედანზე.
22 წლის ჩვენებურმა თავი ამჯერადაც კარგი თამაშით გამოიჩინა და ბოლო წუთზე ხოსე მორენტემ სწორედ მისი გადაცემის შედეგად დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

 

ბელგიის იუპერლიგის საჩემპიონო ზონაში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ბრიუსელში “ანდერლეხტმა” გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” მიიღო და 0:2 დამარცხდა. გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ჩაკვეტაძემ, რომელიც მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა.
18 წლის ქართველი თამაშში ჩინებულად ჩაერთო და ორჯერ ახლოს იყო გოლთან. ჯერ შორი მანძილიდან დაარტყა და მეკარემ ადვილად აუღო, ხოლო ცოტა ხანში საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მკერდით გააჩერა, მიწაზე დაუშვებლად მეკარისაგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა, მაგრამ “ანდერლეხტის” კარის დარაჯმა მატს სელსმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და რთული ბურთი კუთხურზე მოიგერია. 85-ე წუთზე კი, ჩვენებურმა მეორე გოლში დაიდო საკმაო წვლილი. თანაგუნდელი ერთი შეხებით, ჭკვიანური და დროული პასით მეკარეს პირისპირ შეატოვა, რომელიც წააქციეს და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.

 

უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში დონეცკის “შახტარმა” სტუმრად ლუგანსკის “ზორია” უპრობლემოდ დაამარცხა (3:0). დონბასელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ.
დავით ხოჭოლავა, Football24.ua-ს ვერსიით, უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“შახტარმა” ძალიან კარგად ითამაშა “ზორიას” წინააღმდეგ. მასპინძლებს შეტევაში არაფრის შანსი არ ჰქონიათ, ეს კი დავით ხოჭოლავას დამსახურებაა, რომელიც მეტოქეებს შანსს არ აძლევდა.
ის ყოველთვის სწორად არჩევდა პოზიციას და ბურთს მშვენივრად აკონტროლებდა”, – ნათქვამია სტატიაში.

 

 

ავსტრიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში ვენის “რაპიდმა” სტუმრად “მატერსბურგი” დაამარცხა 4:2. დედაქალაქელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ქვილითაია, თუმცა გოლი არ გაუტანია. გიორგი 66-ე წუთზე შეცვალეს, იქამდე კი, 28-ე წუთზე შვაბს საგოლე პასი გაუკეთა.

 

 

რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში მახაჭყალის “ანჟი” სტუმრად “კრასნოდართან” ფრეს გამორჩა (1:1). სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ.
ჯიმი ტაბიძის “უფა” საკუთარ მოედანზე “ზენიტთან” დამარცხდა (1:2). მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი, რომელიც 73-ე წუთზე თავდამსხმელით შეცვალეს.
“ურალი” ყაზანის “რუბინს” დაუზავდა საკუთარ მოედანზე (1:1). ეკატერინბურგელთა რიგებში მოედანზე 84-ე წუთიდან გამოჩნდა გიორგი ჭანტურია.
მოსკოვის “ლოკომოტივი” პერმის “ამკართან” სტუმრად მოულოდნელად დამარცხდა. სტუმართა შორის ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა საბა კვირკველიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები