LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ქართულ ღვინოებს გამოავლენენ

85

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ქართული ღვინის მე-4 ეროვნულ კონკურსს გამართავს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ღონისძიების მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები.

მათივე ცნობით, კონკურსში, ტრადიციულად, მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო, მათ შორის – მცირე მარნებიც. წარმოდგენილი იქნება 14 კატეგორია: ცქრიალა ღვინო (თეთრი ბრუტი); თეთრი მშრალი ღვინო; წინანდალი; ქვევრის თეთრი ღვინო; ვარდისფერი ღვინო; წითელი მშრალი ღვინო; საფერავი; პრემიალური საფერავი; მუკუზანი; ქვევრის წითელი ღვინო; უსახელოური; ხვანჭკარა; ქინძმარაული; ჭაჭა.

კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები არიან ენოლოგები და სომელიეები, ხოლო “სახალხო ჟიური“-ში მოწვეული არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები.

როგორც საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში აცხადებენ, გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება გაიმართება 8 ოქტომბერს. ამასთან, დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში მოხდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მინიჭება, თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულთათვის – სერტიფიკატების გადაცემა. გარდა ამისა, დასახელდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენი“-ს სამი კავალერი.

ცნობისთვის, ღვინის საწარმოებისათვის კონკურსში მონაწილეობა უფასოა. ღვინის ნიმუშების გაგზავნის ბოლო ვადაა – 2017 წლის 15 სექტემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები