LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს – როცა საქართველოს ასჯერ ძლიერ ამერიკაზე ნაკლები სიკვდილიანობა აქვს, რომელ არასწორ კლინიკურ მართვაზეა ლაპარაკი: თენგიზ ცერცვაძე 

151
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საუკეთესო პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს. აღნიშნული განცხადება მან „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

მისი განმარტებით, როცა საქართველოს ასჯერ ძლიერ ამერიკაზე ნაკლები სიკვდილიანობა აქვს, რომელ არასწორ კლინიკურ მართვაზეა ლაპარაკი.

„მართვის პროტოკოლი კარგია. ახლა, გადახედვა ხდება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი შესაძლებლობები, რომელიც გამოჩნდა და ჯერ არ არის დამტკიცებული მარეგულირებლის მიერ, წინსწრებით ავსახოთ პროტოკოლში.

ჩვენმა ყველაზე უფრო მწვავე ოპონენტებსაც კი, ყველაფერს გვიკრიტიკებდნენ, მაგრამ პროტოკოლი არ გაუკრიტიკებიათ. პროტოკოლი იყო და რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. სხვათა შორის ახლა ჯანმო-ს დელეგაციაა ჩამოსული, რომელიც ეცნობა კლინიკების საქმიანობას და ჯერ მათ პროტოკოლზე არ გამოუთქვამთ არანაირი შენიშვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი.

ადამიანებისთვის მტკივნეულია სიცოცხლის დაკარგვა, 80 გარდაცვლილი, 70 გარდაცვლილი, მაგრამ ნაკლებად უფიქრდებიან იმას, რომ ეს 60 გარდაცვლილი და 80 გარდაცვლილი არის 60 000 ავადმყოფიდან. ამას არ ითვალსიწინებენ და პროტოკოლზე ლაპარაკობენ. ყველაზე უკეთესი პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს.

227 მილიონი ადამიანი გახდა ავად და 4.6 მილიონი ადამიანი მოკვდა მსოფლიოში. აშშ-ში ყველაზე ძლიერ და მდიდარ ქვეყანაში. 42 მილიონი ავად ჰყავდათ და მოკვდა 685 ათასი. ამერიკაში სიკვდილიანობა იყო 1.61%, ჩვენთან 1.42%. როცა საქართველოს ასჯერ უფრო ძლიერ ამერიკაზე ნაკლები სიკვდილიანობა აქვს და გაცილებით ნაკლები, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში, რომელ პროტოკოლზე და რომელ არასწორ კლინიკურ მართვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები