LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ადგილები ზამთრის შვებულებისთვის

254

ზოგიერთ ადამიანს ზამთარში მოგზაურობა შეიძლება სულაც  არ ეხალისებოდეს, თუმცა, არის ქალაქები, რომლებიც სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე ჯადოსნური და დაუვიწყარი. მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი National Geographic მომავალი წლის ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს.

გამოცემა სტატიით “2018 წლის საუკეთესო ზამთრის ტურები” გვირჩევს, რომ მომავალ წელს გეზი ისეთი მიმართულებებისკენ ავიღოთ, როგორიცაა:

 

პატაგონია

ყინულის მთები, აისბერგები და ველური პეიზაჟი. პატაგონია ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იწვევს. მის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას მყინვარი  პერიტო-მორენო წარმოადგენს. მეცნიერთა ვარაუდით , პერიტო-მორენო  30000 წლის წინანდელია. იგი დედამიწაზე წყლის მარაგით მესამე უდიდეს რეზერვუარად ითვლება. ღრუბლიან ამინდში ყინულს მუქი ლურჯი შეფერილობა აქვს.

 

იაპონია

მათ, ვისაც არ გაშინებთ ყინვა და სიცივე, ულამაზესი სანახაობა იაპონიის ქალაქ საპოროში გელოდებათ. ტრადიციულად, ყოველ წელს,  6 თებერვლიდან 12 თებერვლამდე, ათასობით თოვლის ქანდაკებას და ყინულის სკულპტურას შეხვდებით. ოდორის პარკი, სუსუკინო და ცუდომე ფესტივალის წამყვანი უბნებია. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ყინულის ფესტივალს მილიონობით ადამიანი სტუმრობს.

 

ანტარქტიდა

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ,  ანტარქტიდაში  მოგზაურობა აუხდენელი ოცნება იყო, დღეს კი ყინულოვანი კონტინენტის ულამაზესი ლანდშაფტის დათვალიერება ყველა მსურველს შეუძლია. მთავარია  ექსტრემალური დასვენებისთვის განეწყოთ და თქვენი მოგზაურობა კარგად დაგეგმოთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ სიმარტოვე და სიცივე სუფევს, ამ ადგილს  მსოფლიოს ყველა წერტილიდან ყოველწლიურად 50 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ტურისტული სეზონი ანტარქტიდაზე ნოემბერში იწყება და მარტში მთავრდება.

 

ბელიზი

ამ  სახელმწიფოს შესახებ ბევრ ჩვენგანს ძალიან ცოტა რამ თუ სმენია. მექსიკისა და გვატემალას შორის მდებარე ბელიზის აღმოსავლეთით კარიბის ზღვა და კუნძულები მდებარეობს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს დასვენების მსურველთათვის ნამდვილად საოცნებო მხარეა და განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაივინგითაა გატაცებული. არანაირი ტელეფონი, კომპიუტერი და ინტერნეტი, მიეცით თავს უფლება განმარტოვდეთ და დატკბეთ ბელიზის ბუნებით. მშვენიერი ბუნებისა და კარგი კლიმატური პირობების ფონზე , საცხოვრებელი ადგილის ნახვა, აქ თვეში საშუალოდ, 500 დოლარი დაგიჯდებათ.

 

ტანზანია-  სერენგეტის ეროვნული ნაკრძალი

არც ერთი მოგზაურობა არ შეიძლება დაიგეგმოს აფრიკის გარეშე. ტანზანია თბილ კლიმატთან, მრავალფეროვან გეოგრაფიასთან და  ველურ ბუნებასთან ასოცირდება. რაც შეეხება სერენგეტის ეროვნულ ნაკრძალს, აქაური ბუნება ერთ-ერთი ყველაზე საოცარია მსოფლიოში. თავგადასავლების მოყვარულებს და არა მარტო მათ, თავი დისქავერის დოკუმენტურ ფილმებში გეგონებათ.

 

კარიბის კუნძულები

ნებისმიერი კუნძული კარიბის ზღვის ბასეინში – ეს ნამდვილი სამოთხეა. ფანტასტიკური ბუნების სილამაზე, მოდური მეკობრეების გარემო, ქარიზმატული ნაციონალური კულტურა და შეუდარებელი შესაძლებლობლები სანაპიროზე დასასვენებლად – კარიბის კუნძულებს უამრავი მოგზაურისათვის სასურველ ადგილად ხდის .

 

ვენა

დაბალი ტემპერატურის მიუხედავად ზამთრის ვენის ქუჩებში ცხოვრება მაინც აქტიურია. დროდადრო მცირე თოვლი ქალაქს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს. ვენის ქუჩებში ზამთრის დღეებშიც კი ყოველთვის ნახავთ სასურველ გასართობს.

 

კამბოჯა

 

ამ თვალისმომჭრელ ბუნებაში, კარგი საცხოვრებელი დაახლოებით, 200 დოლარი დაგიჯდებათ.ტაილანდის მსგავსად, აქ საკვებიც დაბალფასიანია. რაც შეეხება თავად კურორტს, არსებული დაბალი ფასები იმითაა განპირობებული, რომ იქ ჩასვლა ბევრს ეშინია, თუმცა დღეისათვის, როდესაც სამოქალაქო ომი წარსულს ჩაბარდა, შიში უსაფუძვლოა. დაბალ ფასებთან ერთად, ტურისტებს კამბოჯელების სტუმართმოყვარეობაც მოხიბლულს დატოვებს.