LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთი ნავთობის ბაზარზე წილს კარგავს

234

გასული კვირის ბოლოს, როგორც ბრენტის ისე ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება შემცირდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგები კი ბოლო 7 კვირის მაქსიმალურ მაჩვენებლზე დაფიქსირდა. ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის ცნობით, შტატებში ნავთობის მარაგები გაიზარდა 9,4 მილიონი ბარელით. ეს მაჩვენებელი კი ანალიტიკოსების მიერ წინასწარ პროგნოზირებულს სამჯერ აღემატება. ექსპერტების ინფორმაციით, ამ ფონზე ენერგო ბაზარაზე დღიურად 0.6 მილიონი ბარელი ჭარბი ნავთობი მოიპოვება.

ბერკლეისის პროგნოზით, თუ წარმოების ეს ტემპი შენარჩუნებული იქნა ახლო მომავალში ნავთობის ფასი შესაძლოა 30 დოლარამდე ჩამოვიდეს.

შტატები ნავთობის მოპოვებას ზრდის,  საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია “საუდი არამკო” კი წილებს კარგავს.  ჯერ კიდევ 2013 წელს “საუდი არამკო” იკავებდა მსოფლიო ბაზრის 8,5%-ს, ხოლო 2015 წელს ეს მაჩვენებელი 8,1%-მდე შემცირდა. უფრო მეტიც, ამ პერიოდში საუდის არაბეთმა დაკარგა თავისი წილი მის ძირითად ჩინეთის ბაზარზე 19%-დან 15%-მდე. შემცირება შეინიშნება ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში 17%-დან 14%-მდე.

ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის “საუდი არამკო” სამხრეთ აფრიკის მიმართულებით. აქ წილი შემცირდა 53%-დან 22%-მდე და ეს მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში.

როგორც “ფორტუნას” “ადმირალ მარკეტსში” განუმარტეს,  ნავთობის ფასის დაცემა გამოწვეულია მიწოდების სიჭარბით. საუდის არაბეთმა კი უბრალოდ წააგო კონკურენცია მთელი რიგი მიმართულებით. მით უმეტეს რომ გამოჩნდა ახალი ძლიერი მოთამაშე – ირანი, რომელიც ცდილობს დაიბრუნოს თავისი ადგილი სანავთობო ბაზარზე სანქციის წინა დონემდე.

ნავთობის მოპოვების გაყინვის თემა აქტუალობას არ კარგავს. უკვე გადაწყდა, რომ ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნები ამ საკითხთან დაკავშირებით ყატარში შეიკრიბებიან. პრობლემად რჩება ირანი, რომელიც მანამ არ აპირებს შეუერთდეს ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილებას, სანამ ქვეყანა სანქცეიბამდე არსებულ ნავთობის მოპოვების მაჩვენებელს არ დაუბრუნდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნები ოპტიმიზმს არ კარგავენ. მაგალითად, ნიგერია იმედოვნებს, რომ ყატარში დაგეგმილ ოპეკის წევრი და არაწევრი ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების იანვრის დონეზე “გაყინვასთან” დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულ იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი არ შეუერთდება მას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები