სატრანსფერო პერიოდში ტრადიციულად ათასგვარი მითქმა-მოთქმაა, საიდანაც ნაწილი მართლდება, ნაწილი კი ჭორად რჩება. ვნახოთ, რას წერენ ჩვენი უცხოელი კოლეგები.
სინიშა მიხაილოვიჩი შესაძლოა „რომასთან“ მომდევნო მატჩის წაგების შემთხვევაში „მილანის“ მწვრთნელობიდან გადააყენონ.
„არსენალი“ ობამეიანგის ყიდვას აპირებს. პირველი წინადადება 60 მლნ ევროს შეადგენს. დორტმუნდის ფორვარდით ასევე დაინტერესებულები არიან „ლივერპული“ და „მანჩესტერი“.
ალესანდრო დელ პიერო შესაძლოა „მალიორკას“ გენდირექტორი გახდეს. კლუბის მფლობელს, NBA-ის ყოფილ მოთამაშეს სტივ ნეშს ხელმძღვანელად იტალიელი ლეგენდის ხილვა სურს.
„ლიონმა“ ლაკაზეტისთან დაკავშირებით წინადადება მიიღო, მაგრამ თავად ფეხბურთელმა თქვა უარი „ნიუკასლში“ გადასვლაზე.
პსჟ არნაუტოვიჩით არის დაინტერესებული. ფორვარდს სურს „სტოკში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს, ანუ მიიღოს შაჩირიზე მეტი, რომელსაც 100 ათას ევროს უხდიან კვირაში.
Hurriyet-მა გაარკვია, რომ მირჩა ლუჩესკუს ახალი სამსახური აქვს. რუმინელმა მწვრთნელმა „ტრაბზონსფორთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლუჩესკუ წლიურად 6 მლნ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, ბოლოს ცოტა ხნით „ტრაბზონში“ შოთა არველაძემ იმუშავა.
„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ფლორესმა განაცხადა, რომ ტროი დინი არსადაც არ წავა. არადა, „არსენალი“ მზადაა იგი 40 მილიონად იყიდოს.
Tuttomercatoweb წერს, რომ რუსულ კლუბებს, ცსკა-ს და „კრასნოდარს“ „კარპის“ ვეტერანის მარკო ბორიელოს ხელში ჩაგდება სურთ. იტალიელი ფორვარდი MLS-ს კლუბებსაც უნდათ.
Sun Sport ბომბს აფეთქებს: პეპ გვარდიოლას მესისთან, პიკესთან, ალაბასთან და პოგბასთან მუშაობა სურს. საამისოდ ყველაზე მოკლე და ნაღდი გზაა, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს და ალაბა და პოგბა იყიდოს.
Sun Sport წერს, რომ იგალომ მეგობრებს უთხრა, „უოტფორდს“ მხოლოდ ბავშვობის ოცნების გუნდის გამო დატოვებს. ეს საოცნებო გუნდი კი „მანჩესტერია“.
Football Italia ამტკიცებს, რომ „ლივერპულში“ ანდრეა რანოკიას შეძენის იდეას უბრუნდებიან.
„ფიორენტინა“ კვლავ ცდილობს „ბენფიკას“ მცველის ლისანდრო ლოპესის გადაბირებას.
კუმა ბაბაქარი შესაძლოა „კრისტალ პალასში“ ავიდეს. „ფიორენტინას“ მასში 14 მლნ ევროს აღება უნდა.
Express-ის ცნობით, იურგენ კლოპი ყოფილ კლუბს, „ბორუსიას“ ნევენ სუბოტიჩის იჯარის თაობაზე დაუკავშირდა.
Telegraph დარდობს, რომ რონალდო კარიერას მადრიდში არ დაასრულებს. კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს მისი ასაკის გამო გაყიდვა სურს. ერთ თვეში კრიშტი 31 წლის გახდება და მისი ფასიც ქვემოთ იწევს.
კარლო ანჩელოტის „მანჩესტერისთვის“ ლუი ვან გაალის შეცვლაზე უარი უთქვამს, სანამ „ბაიერნთან“ კონტრაქტს გააფორმებდა.
Daily Mail-ის მტკიცებით, „ჩელსი“ მზადაა ედენ აზარს 120 მილიონ ევროდ შეელიოს. ბელგიელის პრეტენდენტები არიან პსჟ და უფრო რეალური „რეალი“.