სათხილამურო ტრასისა და თოვლმავლით სიარულის არეალი კანონით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოზრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
კანონპროექტების მიხედვით, შეიზღუდება ალკოჰოლურ მდგომარეობაში თოვლმავლის ტარება და სრიალი, 16 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის თოვლმავლის ტარება და მარკირებულ სასრიალო ტრასებზე თოვლმავლით სიარული, რადგან თოვლმავლები შედიოდნენ იქ, სადაც ჩვეულებრივი მოთხილამურეები სრიალდებდნენ და ქმნიდნენ საფრთხეს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად მალე გადაიგზავნება.
„ერთი კვირის წინ სასრიალო ტრასებზე მოსრიალე პატრული გამოჩნდა, რომელიც ძალიან დადებითად იყო აღქმული ჩვენი მოსახლეობის და ტურისტების მხრიდან, თუმცა ამას სჭირდება საკანონმდებლო დარეგულირება. კანონპროექტი განსაზღვრავს ძირითად ტერმინებს. კანონის მოთხოვნების მოქმედების არეალს, თოვლმავლით სიარულის არეალს. ასევე, კანონპროექტი შეიცავს გარკვეულ შეზღუდვებს,“- განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, თოვლმავლების სარგებლობის წესების დარღვების პირველი შემთხვევის დროს გათვალიწინებულია გაფრთხილება, ან 100-ლარიანი ჯარიმა, მეორე შემთხვევა 200 ლარიან ჯარიმას გულისხმობს, მესამე შემთხვევა სხვა აქტებით რეგულირდება.
„იმ შემთხვევაში, თუ მოსრიალე ალკოჰოლური მდგომარეობის ქვეშ სრიალებს, ან არ არის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ აშკარად უქმნის საფრთხეს თავის და სხვის სიცოცხლეს, ამ შემთხვევაში მიიღებს ჯერ გაფრთხილებას. გაფრთხილების გაუთვალიწინებლობის შემთხვევაში კი 200 ლარით დაჯარიმდება და ერთი დღით ჩამოერთმევა სასრიალო საშუალება.“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ამ საკითხში ეკონომიკის სამინისტროს პარტნიორი იქნება შსს, თუმცა მარკირების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობად დარჩება . კერძოდ, კონკრეტულად განისაზღვროს სასრიალო ტრასები, მოახდინოს მარკირება, განსაზღვროს ადგილები, სადაც თხილამურით უნდა ისრიალონ და სადაც არ იქნება დაშვებული თოვლმავლით სრიალი.