„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“, თბილისის მერიის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ და შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ერთიანდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარი ჯანდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტვენ, ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას აღნიშნული სამი სამსახური ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებდა. გაერთიანების შემდეგ კი, ისინი ცენტრალიზებულად იმუშავებენ.
აღნიშნული სამსახურების გაერთიანების შემდეგ, ერთიანი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება და დაფინანსებასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების გაერთიანების მიზანი თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაა, „რომელიც მიმართული იქნება პაციენტის ინტერესებისა და მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე“.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები არ გამოიწვევს თანამშრომელთა შემცირებას.