LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასურველია, დეკანოზის საკითხზე მღვდელმთავრებმა სინოდის გარეშეც იმსჯელონ – ადვოკატი

84

„უფრო სწორი იქნება, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი სინოდის სხდომაზე მოხვდება, თუმცა თუ სინოდი დროში იწელება, სასურველია სინოდის წევრები შეიკრიბონ და სინოდის გარეშეც იმსჯელონ,“ – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

გიორგი ფანცულაიას თქმით, ახლა, როდესაც საგამოძიებო მოქმედებებიც დასრულებულია და სასამართლოს სამივე ინსტანციაც, სასურველია დეკანოზის საკითხის განხილვა დროულად მოხდეს მღვდელმთავრების მიერ. ამასთან, ადვოკატი იმედოვნებს, რომ კვლავ არ მოხდება საპატრიარქოში არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ აღნიშნული შეხვედრის დაბლოკვა.

„იქიდან გამომდინარე, რომ არავინ ელოდა უზენაესი სასამართლოს გუშინდელ განცხადებას, ჩვენ ყველანი ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოვჩნდით დროის ფაქტორიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდის მოხდება დეკანოზის საკითხზე მღვდელმთავრების შეკრება, არ ვიცი. მე იმედი მაქვს, რომ ის ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოშია, საერთოდ არ დაბლოკავს ამ შეხვედრას.

„თუ შეასრულებენ საკუთარ სიტყვას. დეკანოზის საკითხი უფრო სწორი იქნება თუ სინოდის სხდომაზე მოხვდება, თუმცა თუ სინოდი დროში იწელება, შეიძლება სინოდის წევრები შეიკრიბონ და სინოდის გარეშეც იმსჯელონ,“ -განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე არ მიიღო წარმოებაში დეკანოზ გიორგი მამალაძისა და პროკურატურის საჩივრები და პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ძალაში დატოვა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება.