LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასულიერო პირის ბრალეულობა არ იკვეთება” – ყინწვისის მონასტრის წინმძღვრის ადვოკატი

117
yincvisi.jpg123

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება. ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ დაკავებულ სასულიერო პირს დანაშაულთან არანაირი შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, ბრალდებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად არაფერი არ არის ამოღებული. ამ დროისათვის ადვოკატები შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვაზნების ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

“მას არანაირი შეხება არ აქვს დანაშაულთან და ისიც უარყოფს კონფლიქტს მასსა და მამა საბას შორის. მამა საბამაც ტელევიზიის საშუალებით განმარტა, რომ მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ჩხრეკა ჩატარდა და არაფერი ამოღებული არ არის. ექსპერტიზის პასუხებს რაც შეეხება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ორი მასრა და ველოდებით პასუხს”, – აცხადებს ბექა ნემსიწვერიძე.

 “მხედრიონის კლასტერი ყინწვისში” – არქიმანდრიტი დაჭრის ფაქტს უარყოფს

დაკავებული მონასტრის წინამძღვარი, დუმილის უფლებას იყენებს. სასულიერო პირის მეორე ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, საიდან გასროლასაც სასულიერო პირს საგამოძიებო უწყება ედავება, საქმეში არ არსებობს.

„ამ ეტაპზე ის დუმილის უფლებას იყენებს, ანუ ბრალს არ აღიარებს. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, ერთადერთი რამის თქმა შემიძლია – საქმეში იარაღი არ არსებობს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შემეძლება უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ როგორც თქვენ, ასევე საზოგადოებას” – აცხადებს კობაიძე.

“იარაღი ანაფორის ქვეშ ყველას აქვს” – ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის 20 აპრილს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს