LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასტუმროებში გიჟური ფასებია“ – ზაფხულის პრობლემა მშობლებისთვის

საქართველოს პოპულარული მთის კურორტები, როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი, ბახმარო, სურამი, საირმე და ა.შ., დამსვენებელს ვერ იტევს.

მშობლებმა ბავშვებისთვის დასასვენებელი ადგილის შერჩევა უკვე დაიწყეს, თუმცა არჩევანი არც ისე დიდია.

ბავშვების დასვენება მაინც სპეციფიკური თემაა: მშობლის და ბავშვის კომფორტთან ერთად, ბავშვებისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო გარემო და კარგი ადგილია საჭირო.

“სასტუმროებში გიჟური ფასებია. ოჯახი, რომელიც თვიურ შემოსავალზეა, ვერ დაისვენებს სასტუმროში, რადგან ერთკვირიანი ოჯახური დასვენება 3500 ლარს სცდება. ამასთან, კრედიტიც რომ აიღო და დაისვენო, გადახდილი თანხა ნამდვილად არ შეესაბამება მიღებულ სერვისს. არის კიდევ ერთი პრობლემა, – სასტუმროები ნორმალური მომსახურებით ბევრი არაა, ამიტომ სეზონზე უმეტესი მათგანი გადატენილია”,  –  განაცხადა ჩვენთან ერთ-ერთმა მშობელმა.

სასტუმროებში გიჟური ფასებია

“ფორტუნა” შეეცადა, გაერკვია, რა ფასებია მთის კურორტებზე და რა სერვისს სთავაზობს დამსვენებელს მაღალი დონის სასტუმროები.

სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენსში” ორადგილიანი სტანდარტული ნომერი, სამჯერადი კვებით, 240 ლარი ღირს. 6 წლამდე ბავშვების დასვენება კი უფასოა.

“ახლა 20–25 პატარაა ჩვენს სასტუმროში და კარგად ერთობიან. აქ ახლოს პარკია, სადაც მათ ატრაქციონებზეც შეუძიათ დაჯდომა. სასტუმროში ასევე არის აუზი, რომლითაც ბავშვები ხშირად სარგებლობენ. მომავალი წლიდან მომხმარებელს შევთავაზებთ ბავშვების მოვლის სერვისსაც”,  – განაცხადეს სასტუმრო აბასთუმანი რეზიდენსში.

ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასტუმროში – “რიქსოს ბორჯომში”, ადგილები თითქმის არ არის. ამ სასტუმროში ფასები აგვისტოში 195 ევროდან იწყება და 1046 ევრომდე ადის (ერთი ღამე).

სასტუმრო კომფორტთან და მდიდრულ ნომრებთან ერთად უამრავ გარე აქტივობას და საინტერესო გასართობს გთავაზობთ. აქ არის, როგორც კინოთეატრის დარბაზი ბავშვებისთვის, ასევე, გამწვანებული და ბავშვებისთვის მოწყობილი ინფრასტრუქურა, მშობლებისთვის კი სპა პროცედურების ფართო არჩევანი.

სასტუმრო საირმეში საოჯახო ოთახის დაქირავება ამ სეზონზე, სულ მცირე, 175 დოლარი ღირს (ერთი დღე-ღამე).

კურორტზე ფუნქციონირებს კაფეები და რესტორანი, სასტუმროში ეწყობა კარაოკე საღამოები და ფილმის ჩვენებები, ასევე სხვადასხვა სახის ივენთები.

გასართობ ცენტრში კი წარმოდგენილია: სამი საბავშვო მოედანი, ბილიარდი, ჭადრაკი, ნარდი, კომპიუტერული თამაშები, ტირი, ბატუტი, ველოსიპედი და მაგიდის ჩოგბურთი.

სადღეღამისო საკურორტო პოლიკლინიკა, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში უწევენ მომსახურეობას პაციენტებს.

რაც შეეხება“ყაზბეგი ჰოტელ რუმსში” დასვენებას, როგორც სასტუმროს ჯავშნების დეპარტამენტში “ფორტუნას” განუცხადეს, სასტუმროში ნომრების ფასები ყოველდღიურად იცვლება.

მაგალითად, დღევანდელი მონაცემებით, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომერი 1 ღამით 220$(+ დღგ) ღირს. ნომრის ფასში მხოლოდ დილის საუზმე შედის. რაც შეეხება ბავშვების განთავსებას, სასტუმრო 3 წლამდე ბავშვების საწოლებსა და საუზმეს დამსვენებლებს უფასოდ სთავაზობს, ხოლო დამატებითი საწოლები 24 დოლარი ღირს.

 

დასვენება საოჯახო სასტუმროებში

ბაკურიანში, მგზავრების სასტუმროში, ფასდაკლების ფარგლებში, სტანდარტული 80 ლარის ნაცვლად, ოთხი კაცი განთავსებას ერთი დღით 56 ლარად შეძლებს.  შეთავაზებაში შედის სტუდიოს ტიპის ერთოთახიანი ბინა 4 პერსონაზე.

მშობლები ამბობენ, რომ შედარებით იაფი ჯდება მთაში, საოჯახო სასტუმროებში დასვენებაც.

მზეთამზე, სოფელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც ეკოსასტუმრო ფუნქციონირებს და სხვა ადგილებთან შედარებით, მისაღები ფასებიცაა.

როგორც ერთ-ერთმა მშობელმა “ფორტუნასთან” განაცხადა, ფასთან შედარებით, სასტუმროში მომსახურების მაღალი ხარისხია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აქ დასვენება.

“გადასარევი ადგილია, კარგი, სუფთა სასტუმრო და შესანიშნავი ხალხი. უკვე ბევრს ვურჩიე, რადგან დასვენება ახლა ძალიან აქტუალური და პრობლემური საკითხია. მეც მირჩიეს და ასე მოვაგვარე ეს საკითხი. მართლა რთულია მისაღებ ფასად, კარგ კურორტზე, სულ მცირე ნორმალური მომსახურების მიღება”, – განაცხადა ჩვენთან ნატამ.

ეკოსასტუმროში 4-სულიანი ოჯახი ერთკვირიან დასვენებას 1470 ლარად შეძლებს, რადგან აქ ერთი ღამის გათენება მოზრდილისთვის 70 ლარი ჯდება, ხოლო ბავშვებისთვის ნახევარი ფასი.

ასე რომ, თუ ძვირიან და ფეშენებელურ სასტუმროებში ვერ დაისვენებთ, არსებობს ოჯახური, მყუდრო და კომფორტული სასტუმროები, რომლებსაც მშობლები რეკომენდაციას უწევენ.

თამთა უთურგაშვილი