დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინე სივრცეში მოთავსებული მოქალაქეები მოიწამლნენ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “ფორტუნა” სასტუმრო “სპუტნიკის” ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც ფაქტი დაადასტურეს, თუმცა განმარტეს, რომ სასტუმრო მოქალაქეების მხოლოდ საკარანტინე პერიოდში ცხოვრებას უზრუნველყოფს და არა კვებას. სასტუმროს პიარ-მენეჯერი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ადგილზე მზა საკვებით მოქალაქეებს სასტუმროს ქვეკომპანია ამარაგებს და მათ კვების პროდუქტთან და მიწოდებასთანაც კი არანაირი კავშირი არ აქვთ.
“ვადასტურებ, რომ კვებითი მოწამვლა მოხდა სასტუმროში. რეაგირება დროულად მოვახდინეთ. ჩართული იყო როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და მოხდა მოქალაქეების სწაფად გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში. ჩვენ საკვებ პროდუქტს არ ვაწვდით აქ მყოფ მოქალაქეებს. მათ სასტუმროს ქვეკომპანია ამარაგებს. თავად მოაქვთ მზა საკვები და თავადვე არიგებენ”, – აცხადებს ნანუკა გორგილაძე.
ბათუმში კარანტინში მყოფი მოქალაქეები მოიწამლნენ
სასტუმრო “სპუტნიკის” პიარ-მენეჯერის განმარტებით, ადგილზე ემიგრაციიდან დაბრუნებული ორი ჯგუფი იმყოფება, 4 და 5 აპრილს შემოყვანილი მოქალაქეები. მისი ინფორმაციით, გუშინ 4 აპრილს შემოყვანილი ჯგუფის, ხოლო დღეს 5 აპრილს მოთავსებული ადამიანების ტესტირება განხორციელდა. სასტუმროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქალაქე, რომელმაც მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ თითქოს ის 15 დღეს საკარანტინე სივრცეში იმყოფება და ვირუსზე ტესტირება ჯერ არ ჩატარებია, ცრუობს.