LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „პარაგრაფი“ ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობს

3190

სასტუმრო „პარაგრაფი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ყოფილი თანამშრომლების ბრალდებების საპასუხოდ აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაციაა ცილისწამებაა.

სასტუმროს ადმინისტრაცია განცხადებაში ასევე საუბრობს იმ პირობებზე, რომელშიც მათი ინფორმაციით, თანამშრომლებს მუშაობა უწევთ.

„ვამჯობინეთ უპასუხოდ არ დაგვეტოვებინა ჩვენი ყოფილი თანამშრომლების ცილისმწამებლური ბრალდებები.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ „პარაგრაფის“ მენეჯმენტის უმთავრესი საზრუნავი სტუმრებისა და თანამშრომლების კომფორტი და კეთილდღეობაა და ამ მიმართულებით ვმოქმედებთ სასტუმროს გახსნის დღიდან. შედეგად, ჩვენი სასტუმრო არაერთხელ იქნა აღიარებული როგორც საუკეთესო სასტუმრო ევროპაში სტუმრების კმაყოფილების კუთხით. 

რაც შეეხება თანამშრომლებზე და მათ სამუშაო პირობებზე ზრუნვას, უხერხულად მიგვაჩნია, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იძულებული ვართ გავასაჯაროოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც ნათელს მოჰფენს ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდის მიმართ, “- ნათქვამია სასტუმროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ამავე განცხადებით ირკვევა, სასტუმროში ხელფასის კორექტირება ხდება საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით და არც ერთ სასტუმროს თანამშრომელს არ აქვს იმ რაოდენობის ხელფასი, რაც გავრცელდა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია მოძველებულია და არ შეესაბამება სიმართლეს.

„2020 წლის პანდემიის პერიოდში, როდესაც საქართველოში კოვიდ რეგულაციების გამო სასტუმროებმა შეწყვიტეს ოპერირება და შესაბამისად, „პარაგრაფ შეკვეთილმაც“ 4 თვით შეწყვიტა მუშაობა, მაგრამ სრულად გასცემდა ხელფასებს ყველა თანამშრომელზე.

პანდემიის შემდგომ პერიოდშიც კი, უაღრესად რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად არ მომხდარა არც ერთი შტატიანი თანამშრომლის შემცირება ან მათთვის ანაზღაურების დაკლება.

სასტუმროს არსებობის პერიოდში (გარდა 2020 წლისა – პანდემიის გამო), პარაგრაფი არის ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც ყოველწლიურად გაიცა პრემია-დანამატი და არა ერთხელ, განსაკუთრებული ფინანსური შედეგების საფუძველზე, დარიგდა დაუგეგმავი ერთჯერადი პრემიები.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლები, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სარგებლობენ 1 საათიანი შესვენებით, კვებისა და ხანმოკლე დასვენებისთვის, თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კაფეტერიასა და მოსვენების ოთახში.

ჩვენი გუნდის წევრებისთვის დანიშნული გვაქვს 4 მიმართულებით უფასო ტრანსპორტირება (ოზურგეთი, ქობულეთი, ბათუმი და ფოთი) და მათ ემსახურებათ უახლესი ტრანსპორტი. ჩვენი თანამშრომლების მაქსიმალური კომფორტისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მათ აქვთ შესაძლებლობა დარჩნენ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, “- ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, სასტუმროს მენეჯმენტის მხრიდან  არანაკლები ყურადღება ენიჭება თანამშრომლების განვითარებას, და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის სთავაზობენ უფასო პროფესიულ სწავლებას, მათ შორის უცხო ენის კურსებს.

„აღარაფერს ვამბობთ იმ წახალისებებზე, გარე აქტივობებსა და „თიმ-ბილდინგებზე“-ებზე, რომლებიც განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს დასუფთვების სამსახურის განყოფილებაში.

დამატებით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი თანამშრომლების აზრი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გათვალისწინებული, სასტუმროში ტარდება ყოველწლიური ანონიმური გამოკითხვა, სადაც თანამშრომლებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა შეაფასონ მათი ხელმძღვანელები და სამუშაო პირობები.

აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის დეკემბერშიც, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 95% ზე მეტმა თანამშრომელმა და წელსაც დასუფთავების სამსახური უმაღლესი კმაყოფილების ინდექსით (100 დან 91%)-ით პირველ ადგილზე გავიდა, “- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „პარაგრაფის“ყოფილი თანამშრომლების ისტორიები სოციალურ ქსელში, არასამთავრობო ორგანიზაცია „არა მონობას – ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის“ ვებგვერდზე გავრცელდა, სადაც ისინი სასტუმროს ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები