სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთს“ კიდევ ერთი კორპუსი დაემატება, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „ამბასადორი კაჭრეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნათია სოსიაშვილმა განაცხადა.
სოსიაშვილმა იმ გეგმებზეც ისაუბრა, რომლებიც „ამბასადორი კაჭრეთს“ 2020 წლის განმავლობაში ჰქონდა, თუმცა პანდემიამ ისინი გარკვეულწილად შეცვალა.
„გეგმები გვქონდა ძალიან დიდი – როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ორი შენობა: ისტორიული და ახალი ნაწილი. გვქონდა გეგმაში, რომ დაგვეწყო ძველი შენობის გარემონტება, თუმცა ამ ყველაფერმა გადაიწია. ასევე გეგმაში გვქონდა ხალხმრავალი ღონისძიებები, რომლებსაც ყოველწლიურად ვატარებთ ხოლმე „ამბასადორი კაჭრეთში“ – ეს არის „შემოდგომა კაჭრეთში“, რომელიც 3 ოქტომბერს გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ესეც გადაიდო იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყრის ხოლმე თავს ამ ღონისძიებაზე. რაც შეეხება მიმდინარე გეგმებს – უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ სასტუმროს ძველი ნაწილის რემონტთან ერთად, დავიწყოთ გარკვეული მშენებლობები, სასტუმროს კიდევ ერთი კორპუსი დაემატება. თუმცა, ჯერჯერობით, ამ ყველაფერზე მიდის მუშაობა დაპროექტების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, ყველაფერი ისე წავა ტურიზმის სექტორში, რომ გაფართოებაზე უფრო ხელშესახები და გარანტირებული გეგმები გვქონდეს“, – აღნიშნა „ამბასადორი კაჭრეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.