LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მეფუტკრეობისთვის საჭირო დანადგარები გადაეცათ

240

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მესამე ეტაპის შედეგად 43 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  3 019 სკა, 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  10 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი) და თითოეულს  ჯამურად 2 200 ლიტრის  მოცულობის თაფლის შესანახი ავზები გადაეცემა.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის პირველი და მეორე ეტაპის შედეგად 131 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს უკვე გადაეცა 11 197 სკა, 19 კოოპერატივმა მიიღო 19 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), უახლოეს პერიოდში მათ ჯამურად 41 800 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელიც გადაეცემათ.

”მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით,  როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკებზე , რაც ხელს უწყობს  მიკვლევადობას და უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას. დღეის მდგომარეობით აღრიცხულია, როგორც სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში გადაცემული, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკუთრებაში არსებული 27 287 სკა”, – განმარტავენ სამინისტროში.

მათივე თქმით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ მოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. მონაწილე ასევე  იღებს  ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია  თბილისში ჩამოუსვლელად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) დისტანციურად შეეძლოთ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი.1 ერთეული 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი) და 2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზები, ხოლო იმ მონაწილეს რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20%-ის ოდენობით. პროგრამაში მონაწილეს შეეძლო მოეთხოვა ნებისმიერი მისთვის  სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

მონაწილე ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში ფუტკრის ოჯახები 2018 წლის 1 იანვრამდე განათავსოს.

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და  წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები