ამერიკის საელჩო საქართველოში, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხმიანება.
საელჩოს წარმომადგენლობა სიხარულს გამოხატავს იმის გამო, რომ მათი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს:
“ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია კოვიდ-19-თან საბრძოლველად. სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს.
შეერთებული შტატები ამაყობს, რომ “კოვაქსისა” ($4 მილიარდი) და UNICEF-ის უმსხვილესი დონორია. ისინი ეხმარებიან ვაქცინების მიწოდებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში.” – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.
სამედიცინო პერსონალის შემდეგ, უკვე დღეიდან პროგრამაში ერთვება 65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობაც.
გუშინვე, ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინა შემოვიდა. დღეიდან აღნიშნულ კატეგორიას შესაძლებლობა აქვს, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ლიმიტის ფარგლებში, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინით აიცრება.