ყოველადწმინდა სამების ტაძარში საშობაო მსვლელობა დასრულდა, სადაც მღვდელთმსახურებმა პარაკლისი გადაიხადეს. მსვლელობის დროს ალილოს მონაწილეები პარლამენტთან, საკრებულოსთან, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან და საპატრიარქოსთან გაჩერდნენ, სადაც მათ შობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. პატრიარქმა ალილოს პატარა მონაწილეები დალოცა. მათ უწმინდესმა ტკბილეული გადასცა და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.
“გილოცავთ ქრისტეშობას. ბედნიერება სუფევდეს საქართველოში და მსოფლიოში. გაიხარეთ და გაგვახარეთ,” – მიმართა უწმიდესმა პატარებს.
საპატრიარქოსთან ალილოს მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად, პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები დახვდნენ.
მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ნობათი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გაიგზავნება.
თბილისის გარდა, ალილო საქართველოს რეგიონებშიც მოეწყო.
ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.