გაუმართავი და საშიში ლიფტები დედაქალაქში – პრობლემა, რომელიც თითქოს ყველას საერთო საზრუნავია, დაწყებული მოქალაქით, დასრულებული სახელმწიფო სამსახურით, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, რადგან ცხადია, რომ ამ პრობლემით გამოწვეულმა შედეგმა უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გაუმართავი ლიფტით გამოწვეული ტრაგედიის მომსწრე საზოგადოება თავად გახდა, როდესაც 14 იანვარს, ვაზისუბანში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ლიფტის შახტში ჩავარდა – ორივე ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
თუმცა, საბოლოოდ ვინ არის ამ და სხვა მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი, ამაზე პასუხი ბუნდოვანია, რამდენადაც პრობლემის სათავე გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე შეიძლება ეს ზედაპირულად ჩანდეს. ერთი მხრივ, აუცილებელია მოქალაქეების, ამხანაგობების ყურადღება და მეორე მხრივ, კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ლიფტების უსაფრთხოებას შესაბამის ზედამხედველობას გაუწევენ.
ლიფტების უსაფრთხოებაზე საუბრისას ექსპერტების ნაწილი მთავარ პრობლემად კვალიფიკაციის არმქონე სპეციალისტებზე მიუთითებს და ამბობს, რომ არც ერთი ნორმატიული აქტი ამ სფეროში კვალიფიციურ, ლიცენზირებულ სპეციალისტს არ ითხოვს, რაც შემდეგ მძიმე შემთხვევებს იწვევს ხოლმე.
საშიში ლიფტები დედაქალაქში – ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?!
როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ნუგზარ კირთაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, ლიფტების ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის მერიის საქმე არ არის. მისი თქმით, ეს უფრო ეკონომიკის სამინისტროს საქმეა, რადგან ლიფტი მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტია და ამდენად, მიდგომაც შესაბამისი სჭირდება.
რაც შეეხება კვალიფიციურ სპეციალისტებსა და ლიცენზირების საკითხს, როგორც კირთაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, აუცილებელია ეს საკითხი სახელმწიფომ მოაგვაროს, რადგან მისი მოსაზრებით, სხვანაირად ეს ვერანაირად მოხდება.
„აქ საუბარია მომსახურე პერსონალზე, ვინც ლიფტს უშუალოდ ემსახურება, ვინც დიაგნოსტიკა უნდა ჩაატაროს. გავიხსენოთ ბოლო შემთხვევა, იქ რომ ნორმალური კვალიფიციური სპეციალისტი ყოფილიყო, რომელმაც განათლება შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში მიიღო, ასეთ რამეს არ დაუშვებდა – ან ლიფტს გამორთავდა და წესით გამორთულიც უნდა ყოფილიყო, ან ნორმალურად მიხედავდა და გაარემონტებდა.
ეს არის მთავარი, ვიღაცამ დიაგნოზი უნდა დასვას, ამისთვის კი სახელმწიფომ შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრები უნდა შექმნას. აუცილებლად უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, შემოწმდეს ნამდვილად იცის თუ არა დაქირავებულმა სპეციალისტმა თავისი საქმე. ამაშია ხოლმე ძირითადი პრობლემა – ამხანაგობამ არ იცის სპეციალისტმა ნამდვილად კარგად იცის თუ არა თავისი საქმე.
საბოლოო ჯამში ხომ მაინც კომპანიის მფლობელი ან ამხანაგობები არიან ვალდებულნი პრევენცია მოახდინონ, მაგრამ თუ სახელმწიფომ კვალიფიციური სპეციალისტების ლიცენზიის საკითხი არ მოაგვარა, ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება.
უფრო უკეთ რომ ავხსნათ, როგორც მართვის მოწმობის გარეშე არ შეიძლება ავტომობილის მართვა, ისე არ შეიძლება არაკვალიფიციური სპეციალისტი. თუ ლიცენზია არ აქვს ადამიანს, რა უფლებით შედის ლიფტში და მით უმეტეს დიაგნოსტიკაზე საუბრობს?! ეს დაუშვებელია“, – განუცხადა „ფორტუნას“ ნუგზარ კირთაძემ.
13 ათასამდე ლიფტი თბილისში – რა უნდა გაკეთდეს პრობლემის გადასაჭრელად
რაც შეეხება მონაცემებს, რამდენი ლიფტია დედაქალაქის მასშტაბით, როგორც უსაფრთხოების ექსპერტმა გვითხრა, არაზუსტი რიცხვებით, თბილისში დაახლოებით, 13 ათასამდე ლიფტია. მისი ინფორმაციით, ეს მონაცემი მომეტებული ტექნიკური საფრთხეების ობიექტების შესახებ უწყებრივ რეესტრში არის ასახული.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ობიექტები ცალკე კატეგორიაა, რომელსაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აკონტროლებს. ეს გახლავთ ეკონომიკის სამინისტროს სსიპი, სადაც შედის: ლიფტები, ესკალატორები, საბაგიროები, ფუნიკულიორი, სხვათა შორის ატრაქციონებიც და კიდევ ბევრი სხვა ობიექტი. თუმცა, თუკი ამ სააგენტოს ინფორმაცია არ მიაწოდეს, უწყება კორპუს-კორპუს ვერ ივლის და თავის სპეციალისტებს ვერ გაუშვებს.
სახელმწიფოს მხრიდან ლიფტების ზედამხედველობა 3 წელიწადში ერთხელაა დადგენილი, ეს გახლავთ 173-ე დადგენილება“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ნუგზარ კირთაძემ.
დასმულ კითხვაზე, რამდენად საკმარისია ამ პერიოდულობით ზედამხედველობა, უსაფრთხოების ექსპერტმა ასე გვიპასუხა:
„ისევ იგივე უნდა გიპასუხოთ: შიდა შემოწმებას ლიფტი პერიოდულად ყოველთვის გადის, იქ უნდა ჰქონდეთ ყოველთვიური გეგმიურ-მაფრთხილებელი სამუშაოები, კვარტალური, წლიური და ა.შ, თუმცა რამდენად კვალიფიციურად კეთდება ეს, გაურკვეველია.
სახელმწიფოს მხრიდან 3 წელიწადში ერთხელ უბრალოდ ხდება გადამოწმება, რამდენად კვალიფიციურად ემსახურება ამა თუ იმ ობიექტს კონკრეტული პირი ან ორგანიზაცია.
ამდენად, პასუხისმგებლობა და ვალდებულება უშუალოდ სპეციალისტს ეკისრება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სახელმწიფომ ასეთი სპეციალისტების არსებობა უნდა უზრუნველყოს და პრევენცია ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ არ მიუშვას ობიექტთან ისეთი ადამიანი, რომელიც ამ საქმეში კვალიფიციური არ არის, თორემ დამდგარ შედეგზე ვიღაცის ციხეში ჩასმა, დაღუპულ ადამიანებს ვერაფერს უშველის.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სპეციალისტების მომზადებისა და ლიცენზიის საკითხების მოგვარების გარეშე, ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ვერ ვხედავ. კი, შესაძლოა ეს არაა მოკლე დროში გასაკეთებელი საქმე, მაგრამ 2 წელიწადშიც რომ რაღაც შედეგზე გავიდეთ, ბევრი რამ შეიცვლება“, – თქვა უსაფრთხოების ექსპერტმა.
რჩევები მოქალაქეებს – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ლიფტი გაუმართავია
გარდა სპეციალისტების ზედამხედველობისა, მნიშვნელოვანია თავად მოქალაქეების ყურადღება იმისთვის, რომ შესაძლო საფრთხე თავიდან ავირიდოთ. უსაფრთხოების ექსპერტს ვკითხეთ, როგორ შეიძლება მოქალაქე ლიფტის გაუმართაობას მიხვდეს და რა არ უნდა გააკეთოს ლიფტის მოხმარებისას:
„მოსახლეობის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. ლიფტის გამოყენებას და სარგებლობას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვაც აუცილებელია.
პირველ რიგში, ეს გახლავთ ლიფტისთვის არადამახასიათებელი, უჩვეულო ხმა. ყოველი კარის გაღებისა და დახურვის ხმას ადამიანის ყური ეჩვევა, მისთვის ნაცნობია, ხოლო იქ თუ რამე დისონანსი შევიდა და მოქალაქე ხვდება, რომ ლიფტს სხვანაირი ხმაური მოჰყვება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. უბრალოდ არარსებულია სართულზე ლიფტის კარი გაიღოს და იქ კაბინა არ იყოს. აი, ღია კარით კი შეიძლება ლიფტმა იმოძრაოს და ესეც საფრთხედ უნდა მივიჩნიოთ.
რაც შეეხება რჩევებს, ელემენტარული ნორმების დაცვაა საჭირო:
- არ უნდა შევეხოთ კარებს
- არ შევეცადოთ რომ ხელით გავაღოთ
- არც გაღებასა და დაკეტვაში უნდა შეუშალოთ ხელი
- უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავტოვოთ და ასევე, სწრაფადვე შევიდეთ კაბინაში, რათა შესვლის დროს კარი არ დაიკეტოს
- კაბინაში უნდა ვიდგეთ მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი ხტუნვისა და ზედმეტი მოძრაობების გარეშე
- თუ კაბინა განათებული არ არის, სჯობს საერთოდ არ შევიდეთ
- ღილაკის გარდა, არაფერს შევეხოთ
ზოგადად, ავარიები და ასეთი რაღაცები უეცრად არ ხდება, მას ყოველთვის აქვს წინაპირობა, ხოლო თუ ეს წინაპირობა აუცილებლად მცოდნე სპეციალისტმა არ აღმოაჩინა, სხვანაირად პრევენცია ვერ მოხდება, მოსახლეს კი ამას ვერ მოსთხოვ.
საკითხებთან დაკავშირებით მოკლე თეზისების სახით, მე ჩემი ხედვა მაქვს ჩამოყალიბებული, რა არის ამ სფეროში გასაკეთებელი და თუ ინტერესი იქნება, მზად ვარ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან, ტექნიკურად როგორ შესრულდება ეს ყველაფერი, უკვე იურისტებმა უნდა იმუშაონ.“ – უთხრა „ფორტუნას“ ნუგზარ კირთაძემ.