„სასამართლოში სიგარეტის მოწევა სასამართლოს უპატივცემლობაცაა და წესრიგის დარღვევაც“, – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ზვიად შარაძემ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ერთვება.
„სასამართლო სხდომას ონლაინ ესწრებით, სასამართლო პროცესზე სიგარეტის მოწევა რომ არ შეიძლება და უპატივცემლობაა, უნდა იცოდეთ. პირდაპირ გვაბოლებს კამერაში. გაფრთხილებას ვაძლევ და მერე არ იყოს, რა, როგორ“, – განაცხადა შარაძემ და ადვოკატებს მოუწოდა, გრიგორიადისისთვის აღნიშნული ფაქტი განემარტათ.
აღნიშნულს გრიგორიადისმა უპასუხა, რომ „მოწევა რომ არ შეიძლება, ამის ნიშანი იქ არაა“.
ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ბრალდებულს აუხსნა, რომ სიგარეტი უნდა ჩაექრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გააძევებდნენ და საბოლოო სიტყვით ვერ ისარგებლებდა.
„ჩააქრობთ სიგარეტს, თუ არა“, – მიმართა ისევ მოსამართლემ, გრიგორიადისს, რის შემდეგაც, ადვოკატმა ბრალდებულს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ განამრტა, თუ რატომ მიეცა გრიგორიადისს წინა სხდომისგან განსხვავებით ახლა, პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვის შესაძლებლობა. როგორც ზვიად შარაძემ აღნიშნა, მხარე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს. რაც შეეხება დისტანციურად ჩართვას, შარაძის თქმით, აღნიშნულისთვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობაა საჭირო, აღნიშნული წინა დასაბუთება კი საკმარისი არ იყო.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.