LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოში ღამის კლუბებში ნარკოტიკების რეალიზაციის საქმის მთავარი მოწმე იკითხება

92

თბილისის საქალაქო სასამართლოში ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის საქმის მთავარი მოწმე იკითხება. მოწმე გამოძიებას ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით აძლევს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებას საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებიც ესწრებიან. დაკითხვაზე დასწრების მიუხედავად, მათ მოწმისთვის კითხვის დასმის უფლება არ აქვთ.

როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარეს აქვს ეჭვი, რომ მოწმის დაკითხვა სასამართლოში იმის გამო ხდება, რომ ბრალდების მხარემ ის საქმის არსებით განხილვაზე არ წარადგინოს. ბრალდებულების ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ პროკურატურა სავარაუდოდ აპირებს, რომ მთავარ მოწმეს ქვეყანა დაატოვებინოს.

“პროცესის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე გაგვაფრთხილეს. ადვოკატებს არ მოგვეცა შესაძლებლობა თანაბარ პირობებში ვყოფილიყავით პროკურატურასთან. მოვუსმენთ მოწმეს, თუმცა რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, წინასწარ ვერ გეტყვით. ამ მოწმეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან არავითარი კავშირი არ აქვს. აღნიშნული მოწმე 5 ბრალდებულის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას, თუმცა ჩვენ საპროცესო კანონმდებლობის შესაძლებლობით გვაინტერესებს, უშუალოდ რა დამატებითი კითხვები აქვს ბრალდების მხარეს და ამავე დროს, ჩვენი იქ ყოფნა ჩვენი ბრალდებულების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაცაა. იქიდან გამომდინარე, რომ გადაღებული ფირების ავთენტურობა დადგენილი არაა, თუნდაც ამიტომ დღეს ეს მოწმე არ უნდა დაკითხულიყო. უნდა დაასაბუთოს პროკურატურამ, რატომ გახდა საჭირო ამ მოწმის ასე უცებ დაკითხვა,” – განაცხადა ნინო ლალიაშვილმა.

კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” საგამოძიებო მოქმედებები 12 მაისს ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები