LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

305
ნმიკო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე დავით მგელიაშვილის განცხადებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი უდაოდ იქნა ცნობილი და ბრალდების მხარემ შეძლო ორივე ბრალდების დამტკიცება, ამიტომ ისინი ორივე მუხლში გამტყუნდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ბრალდებულს, აკო ჭელიძეს, რომელმაც კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა, მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით აეკრძალა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება. სასჯელის ათვლა დაიწყება 2021 წლის 7 ოქტომბრიდან.

მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს კი 16 წლის ვადით აღეკვეთა თავისუფლება და და 5 წლით აეკრძალა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება. სასჯელის ათვლა დაიწყება 2021 წლის 7 ოქტომბრიდან.

აკო ჭელიძემ საქმის განხილვის მიმდინარეობისას მკვლელობის აღიარების შემდეგ განაცხადა, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

გიორგი კავილაძე თავს დამნაშავედ მხოლოდ პოლიციისთვის დანაშაულის შეუტყობინებლობაში მიიჩნევდა.

28 თებერვალს მან სასამართლოს უთხრა, რომ მკვლელობამდე 2 კვირით ადრე აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას „გოგოსთან დაკავშირებით შეუთვალა რაღაც, რაც [კვარაცხელიამ] არ გაითვალისწინაო“, 15 სექტემბერს კი ის ჭელიძეს უბრალოდ თან ახლდა და მისი განზრახვის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა.

დასკვნით სხდომაზე ნიკო კვარაცხელიას დედასაც მიეცა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. მან დამკვეთების დასჯა მოითხოვა.

ნიკო კვარაცხელიას დედა: “ეს იყო საუკუნის მკვლელობა, საუკეთესო ახალგაზრდა მოუკლეს ქვეყანას, ორივე არის მკვლელი, მკვლელობა ერთობლივად დაგეგმეს, მათ ჰყავთ დამკვეთები…”

15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება ჰქონდათ წაყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები