ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სასამართლომ იუსიტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის საქმიანობის შეჩერების შესახებ უკანონოდ სცნო და ზიანის სახით 12 800 ლარის ანაზღაურება დააკისრა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.
„ალბათ, გახსოვთ, ზაფხულში იუსტიციის მინისტრმა საქმიანობა რომ შემიჩერა. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, უკანონოდ ცნო სანოტარო საქმიანობის შეჩერება და იუსტიციის სამინისტროს დააკისრა ზიანის სახით 12 800 ლარის ანაზღაურება.
მიმაჩნია, რომ საქმიანობის შეჩერება იყო იმ დევნის კამპანიის გაგრძელება, რაც ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება და რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამიტომ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, აღნიშნული თანხა ჩაირიცხება ,,ია კერზაიას სახელობის, განათლების განვითარების ფონდში”, რომელიც 2019 წელს დავაფუძნეთ და ფონდის მეშვეობით მოხმარდება იას უსაყვარლეს საქმეს – ქ. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლების ხელშეწყობას.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“. – წერს ბაჩანა შენგელია
შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ივლისს თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ შენგელია “ნაციონალების მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის” თავმჯდომარე იყო და თანამდებობიდან მისი ძალისხმევით გათავისუფლდა.
წულუკიანის ამ განცხადებას წინ უძღოდა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერება.