შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს, ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე ახორციელებენ.
საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია მიმდინარე წლის 2, 3 და 4 მაისს.
შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
როგორც უწყებაში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.