„გამოდის, რომ ის, ვინც მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ეწინააღმდეგება, გვეუბნება: – მომატყუებინე საზოგადოება და ამაში ხელს ნუ შემიშლი,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, იუსტიციის სამინისტრომ კადრები მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ ძალიან აქტიური პროპაგანდა წარიმართა.
„იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხმას არ იღებენ, როცა ერთ-ერთი დაინტერესებული მხარიდან მცდარი ფაქტების ტირაჟირებას ხედავენ, თითქოს ადგილი ჰქონდა უფლებების არანორმალურ დარღვევას, ახლა ვისმენთ კრიტიკას, რომ კადრები არ უნდა გამოქვეყნებულიყო.
ეს იმას ნიშნავს, ითხოვდე – მომატყუებინე საზოგადოება! გამოდის, რომ ადამიანები ითხოვენ, რომ მე საზოგადოებას ვატყუებ და ამაში არაფრის დიდებით ამაში ხელი არ შემიშალო,“ – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, გამოქვეყნებულ კადრებში პერსონალური მონაცემები არის, მაგრამ პერსონალური მონაცემები ისეთი აბსოლუტური საგანი არ არის, რომლის გასაჯაროება არც ერთ შემთხვევაში დასაშვები არ არის.
როგორც უმრავლესობის წევრმა თქვა, ამ შემთხვევაში კადრების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არსებობს – „ეს არის საზოგადოების უფლება ინფორმაციაზე, როდესაც მას ატყუებენ.“
„გავრცელებული კადრების ნახვა არავისთვის სასიამოვნო არ იყო, მაგრამ არგუმენტი, რის გამოც კადრები გასაჯაროვდა ისაა, რომ საზოგადოება დეზინფორმირებული აღმოჩნდა.
ითქვა, რომ მანქანა შენობაში შესასვლელიდან 30 მეტრის დაშორებით გაჩერდა, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და თმებით ათრიეს. ეს რომ მართლა ასე ყოფილიყო, იქნებოდა პრობლემა, რაზეც ვიღაცას აუცილებლად პასუხისმგებლობა უნდა აეღო,“ – განაცხადა სარჯველაძემ.