LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარეკორდო ოლ სტარი: დასავლეთმა აღმოსავლეთს აჯობა (ვიდეო)

25

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩი გაიმართა. წარმოდგენას ნიუ ორლეანმა უმასპინძლა. დასავლეთ კონფერენციის ვარსკვლავებმა აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელები 192:182 დაამარცხეს. ნბა-ს “ოლ სტარების” ისტორიაში ყველაზე მეტი 374 ქულა ჩავარდა ჯამში, რაც რეკორდია. აქამდე საუკეთესო შედეგად 2016 წლის “ოლ სტარის” შედეგი ითვლებოდა 369 ქულა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი ერთის მხრივ მეტად სანახაობრივი გამოდგა, კალათბურთელებმა ბევრი ეფექტური მომენტი შემოგვთავაზეს, მაგრამ მატჩის დაძაბულობის მხრივ არანაირი ინტრიგა არ ყოფილა, კალათბურთელები არანაირ დაცვას არ თამაშობდნენ.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ენტონი დევისი დაასახელეს, რომელმაც გუნდს 52 ქულა, 10 მოხსნა და ორი ჩაჭრა შესძინა, დევისმა აღნიშნული ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.

კევინ დურანტი კი მეოთხე კალათბურთელი გახდა, ვინც “ოლ სტარზე” სამმაგი დუბლი შეასრულა (21 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი), აქამდე მსგავსი შედეგი მაიკლ ჯორდანს, ლებრონ ჯეიმსს და დუეინ უედს ჰქონდათ გაკეთებული.

ლებრონ ჯეიმსს “ოლ სტარზე” ყველაზე მეტი 314 ჩაგდებული ქულა დაუგროვდა.

 

დასავლეთი – აღმოსავლეთი 192:182 (48:53, 49:39, 47:47, 48:43)

დასავლეთი: დევისი (52 ქ. 10 მ.), უესტბრუკი (41 ქ.), კარი (21 ქ.), დურანტი (21 ქ. 10 მ. 10 პ.), ტომპსონი (12 ქ.), ჰარდენი (12 ქ. 12 პ.), გასოლი (10 ქ. 10 მ. 8 პ.), ჰეივორდი (8 ქ.), ჯორდანი (6 ქ.), ლეონარდი (4 ქ.), კაზინსი (3 ქ.), გრინი (2 ქ.)

აღმოსავლეთი: ანტეტოკუმპო (30 ქ.), ჯეიმსი (23 ქ.), ირვინგი (20 ქ. 14 პ.), ტომასი (20 ქ.), ლოური (19 ქ.), დეროზანი (16 ქ.), ჯორჯი (12 ქ.), უოლი (12 ქ.), ენტონი (10 ქ.), უოკერი (7 ქ.), ბატლერი (6 ქ.), მილსაპი (5 ქ.)

 

“ყველა ვარსკვლავის უქმეები”, ტრადიციულად, ამომავალი ვარსკვლავების მატჩით დაიწყო, რომელშიც აშშ-ის ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს ხვდებოდა.

აშშ – მსოფლიო 141:150

აშშ: კამინსკი(33), თაუნსი (24+11 მოხსნა), სიმონსი (19), ბუკერი (17+6 პასი), ტერნერი (12), რასელი (12), ოკაფორი (10), კრისი (7), ინგრემი (4), ბროგდონი (3+5 პასი).
მსოფლიო: მიურეი (36+11 პასი), ჰილდი (28+6 მოხსნა), პორზინგისი (24+10 მოხსნა), შარიჩი (17+5 მოხსნა), იოკიჩი (12+11 მოხსნა+8 პასი), ეკზამი (11), საბონისი (10), ლაილსი (7), აბრინესი (3), ერნანგომესი (2+6 მოხსნა).

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა “დენვერის” გამთამაშებელი ჯამალ მიურეი, რომელმაც 36 ქულა დააგროვა და ამას 11 შედეგიანი პასი დაუმატა. კანადელმა დებიუტანტმა ცხრა სამქულიანი ჩააგდო და 27 ქულა მეორე ტაიმში აიღო.

მიურეი მეორე კანადელია, ვინც ამომავალი ვარსკვლავების მატჩში MVP-ის პრიზი დაიმსახურა. 2015 წელს, ეს ჯილდო ერგო ენდრიუ უიგინსს “მინესოტადან”.


შაბათს, “ოლ სტარტზე” ტრადიციული კონკურსების დღე იყო.

“ჰიუსტონის” მცველი ერიკ გორდონი გახდა სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული. პირველ რაუნდში მან 25 ქულა დააგროვა, მეორეში – 20 და ფინალში გავიდა, სადაც დაუპირისპირდა “კლივლენდის” მცველს კაირი ირვინგს. გადამწყვეტ დუელში მათ თანაბარი ქულები
დააგროვეს (20:20) და დაინიშნა დამატებითი სროლები, რომელიც უფრო უკეთ გორდონმა შეასრულა – 21:18. ჰიუსტონელი მიმდინარე სეზონში მეოთხეა ლიგაში რეალიზებული სამქულიანების რაოდენობით.

ამ კონკურსის ფინალში ყველა ელოდა ირვინგისა და შარშანდელი გამარჯვებულის კლეი ტომპსონის ბრძოლას, მაგრამ “გოლდენ სტეიტის” სნაიპერმა პირველი რაუნდი ვერ გადალახა.

 


“ოსტატობის კონკურსის” გამარჯვებული გახდა “ნიუ იორკის” ლატვიელი ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი. ფინალამდე მან “საკრამენტოსა” და “დენვერის” “მაღლები” – დემარკუს კაზინსი და ნიკოლა იოკიჩი დაამარცხა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი “იუტა ჯაზის” წევრს გორდონ ჰეივორდს აჯობა.

შარშან, ამ კონკურსის გამარჯვებული იყო “მინესოტას” ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი.

 


ამერიკულმა პრესამ იმედგაცრუება უწოდა ჩატენვების კონკურსს, რადგან მონაწილეებმა დიდად ვერც ფანტაზიით და ვერც ოსტატობით გააკვირვეს მაყურებელი.

ფინალში “ინდიანას” ფორვარდმა გლენ რობინსონმა 94 ქულა (44+50) დააგროვა და გამარჯვებულიც გახდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=DMwl9o3CET4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები